16.დეკემბერი .2019 22:00

აუდიტი: საქართველოს საელჩოები ვატიკანში, უნგრეთსა და პორტუგალიაში ფინანსებს არასწორად აღრიცხავდნენ

views 527
უკან

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ფინანსური ანგარიშის აუდიტი გამოქვეყნდა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში რიგი შეუსაბამობები, ნაკლოვანებები და ხარვეზებია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ საქართველოს 72 დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობებისგან შედგება. ამასთანავე სამინისტრო რამდენიმე სსიპ-საც აერთიანებს.

დოკუმენტის მიხედვით, ცალკეულ საელჩოებში ფინანსების აღრიცხვის პრაქტიკა არ შეესაბამება იმ ნორმებსა და მოთხოვნებს, რომლითაც წესით ისინი უნდა აღირიცხებოდეს. დასკვნაში წერია:

"წმინდა საყდართან (ვატიკანში) და უნგრეთში საქართველოს საელჩოების მიერ 2018 წელს ბუღალტრული აღრიცხვა არ მიმდინარეობდა სპეციალიზებული საბუღალტრო აღრიცხვის სისტემით, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების რისკს. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება კონსოლიდირებულ ფორმა N2-ში „საქონელი და მომსახურების“ მუხლზე ასახული 1,926,230 ლარის ხარჯების წარმოშობაზე, სისრულეზე, სისწორეზე, დროში გამიჯვნაზე, კლასიფიკაციასა და წარდგენაზე. პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვა მიმდინარეობდა N429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული მეთოდოლოგიის შეუსაბამოდ, არასწორი და არათანმიმდევრული აღრიცხვის გამო, ბუღალტრული ინფორმაცია წარმოდგენილია მნიშვნელოვანი უზუსტობებით და არსებითი თანხებით არ ედრება საელჩოს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ შესაბამის მონაცემებს.

აპარატის ბალანსზე რიცხულ ძირითად აქტივებზე არასწორად დარიცხული ცვეთის შედეგად, ნაერთი ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში (ფორმა N2) „ძირითადი კაპიტალის მოხმარება“ 311,863 ლარით გაზრდილად არის ნაჩვენები, ხოლო კონსოლიდირებულ ფორმა N1-ში „ძირითადი აქტივების“ საბოლოო ნაშთი გაზრდილია − 80,005 ლარით. პორტუგალიასა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი ცვეთის დარიცხვის უწყისი არ შეიცავს ინფორმაციას აქტივების ისტორიულ ღირებულებაზე. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება კონსოლიდირებული ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში (ფორმა N2) 405,255 ლარის „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ სისწორეზე.

სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ნაშთები და ოპერაციები არ ედრება სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ, ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების შესაბამის მონაცემებს. აღნიშნული გამოწვეულია, ზოგიერთი ნაშთის მხოლოდ ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახვით, კონსოლიდაციისას მათი რეკლასიფიცირებით და კორექტირებებით. შედეგად, იზრდება ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას აღსარიცხავი ინფორმაციის სისრულესთან და სისწორესთან დაკავშირებული რისკები."- ნათქვამია დასკვნაში.

აუდიტის ანგარიში სამინისტროს სტრუქტურაში არსებულ სახელფასო პოლიტიკასაც ეხება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ში დანამატები კანონშეუსაბამოდ გაიცა.

"2018 წელს სამინისტროში შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 9,352,998 ლარიდან, 21 თანამდებობრივმა სარგომ − 7,960,937 ლარი (85%), პრემიამ − 23,650 ლარი (0.5%), ხოლო სახელფასო დანამატმა − 1,368,411 ლარი (14.5%) შეადგინა. სამინისტროში 2018 წელს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე გეგმით განსაზღვრული 759 ერთეულიდან, ფაქტობრივად დასაქმებული იყო 709 თანამშრომელი (93%), ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა გეგმით გათვალისწინებული რიცხოვნობა 468 ერთეულს შეადგენდა.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 22 საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით. 2018 წელს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული 3 სსიპ-ის ხელმძღვანელის მიერ, 7 შემთხვევაში სახელფასო დანამატის სახით მიღებული 18,020 ლარი არ იყო შეთანხმებული სამინისტროსთან, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თანამშრომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს. ცენტრის და ბიუროს მიერ არ იყო გათვალისწინებული ზემოთ ხსენებული შეზღუდვები და 2018 წელს თანამშრომლებზე გაცემულმა სახელფასო დანამატმა 20,570 ლარით (9%) გადააჭარბა დადგენილ ზღვარს,"- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.