მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის დასკვნამდე კოვიდკლინიკების არამიზნობრივ ხარჯებზე ვერ ვისაუბრებთ - გაბუნია

62752b0410dbd
მარიამ ვარადაშვილი
06.05.22 20:42
1253

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აუდიტის დასკვნამდე სამინისტრო კოვიდკლინიკების მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯებზე ვერ ისაუბრებს. ასე უპასუხა გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას - რომელი კლინიკების არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობდა გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

“ვერ გეტყვით, თუ არ გვექნება აუდიტის საბოლოო დასკვნა, სადაც გამოვლენილი იქნება კლინიკებში არის თუ არა რაიმე ხარვეზი”, - ამბობს გაბუნია.

მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე აუდიტის პროცესი რამდენიმე კლინიკაში მიმდინარეობს, თუმცა კლინიკები არ დაუსახელებია.

ჟურნალისტებთან მინისტრის მოადგილემ კლინიკების დაფინანსების წესიც განმარტა. 

“კოვიდის პროგრამაში სამკომპონენტიანი ანაზღაურება იყო: მობილიზებული საწოლებისთვის, პერსონალის დანამატი და ფაქტიური ანაზღაურების ხარჯი, რასაც აუდიტი მიმდინარე პერიოდში სწავლობს. რა თქმა უნდა, აუდიტის შედეგები ყველასთავის ცნობილი გახდება. თუ იქ იყო ზედმეტი დანახარჯი ან არასწორად აღრიცხული რაიმე დანახარჯი, რაც შესაძლებელა მოხდეს იმ დატვირთვიდან გამომდინარე, რაც კლინიკებს გასული 2 წლის განმავლობაში ჰქონდათ. [არამიზნობრივ ხარჯებზე] ჯანდაცვის სამინისტროს ვერ ექნება ინფორმაცია, სანამ აუდიტი არ დასრულდება”, - განაცხადა გაბუნიამ.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკებს 1 მლრდ ლარი გადაუხადა. მისივე თქმით, კლინიკების საშუალო დატვირთულობა 60% იყო, ორი წლის მანძილზე სახელმწიფო თანხას მინიმუმ 40% ცარიელ საწოლებში იხდიდა.