მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის რეკომენდაციების შეუსრულებაზე პარლამენტი უნდა აქტიურობდეს - ბესო ნამჩავაძე

6214d6c2130bc
მარიამ ვარადაშვილი
22.02.22 18:00
654
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაცემული რეკომენდაციების შესრულების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2018-2020 წლებში ცენტრალურ მთავრობას და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს 2 500-მდე რეკომენდაცია გაუგზავნეს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018-2020 წლებში გაცემული რეკომენდაციებიდან სრულად შესრულებულია 43%, ნაწილობრივ შესრულებულია - 17%, ხოლო შეუსრულებელია - 10%.

როგორც BMG-ს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ უთხრა, რეკომდაციების შესრულების მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ქვეყანა აუდიტის სამსახურის პოტენციალის ნახევარს იყენებს, რადგან ამ უწყების ეფექტიანობის ერთადერთი საზომია, თუ რამდენად სრულდება მათი რეკომენდაციები.

“აუდიტის სამსახურის საქმიანობის გავლენა მისი რეკომენდაციების შესრულებით ფასდება. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ მისი რეკომენდაციები საერთოდ არ შესრულდება, მაშინ ეგ სამსახური გინდ ყოფილა, გინდ - არა. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით ჩანს, რომ რეკომედაციების დაახლოებით ნახევარის გათვალისწინება ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სამსახურის პოტენციალის ნახევარს ვიყენებთ, რადგან მათი რეკომენდაციების ნახევარი არ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ძალთა ბალანსი დაცული არ არის და ერთი პარტია ყველაფერს აკონტროლებს, აუდიტის სამსახურის დასკვნები ამ რეალობას ცოტა მოწყვეტილია. ისინი საკმაოდ კრიტიკულია და ხშირად დანაშაულის ნიშნებზეც მიუთითებს. ამიტომ, მათი დასკვნების გათვალისწინება ძალიან კარგი იქნება”,-ამბობს ნამჩავაძე.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარი რეკომენდაციების შესრულების პროცესის შეფასების ანგარიშში წერს, რომ მათი რეკომენდაციები ორ კატეგორიად იყოფა: სტანდარტული და მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია რეკომენდაციებია, რომელთაც შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეთ საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სახელმწიფო ბიუჯეტზე. კერძოდ, ასეთი რეკომენდაციების შესრულებით შესაძლებელია: დიდი მოცულობის საბიუჯეტო რესურსის დაზოგვა; კორუფციისა და თაღლითობის რისკის შემცირება და სხვა. აუდიტის სამსახურის თანახმად, მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა მათი შესრულებით მოტანილი სარგებელი გაცილებით მაღალია. სტანდარტულია რეკომენდაციაა, რომელთა შესრულებას არ აქვს მაღალი ფინანსური შედეგი და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას შესაბამისი უწყების მხრიდან.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018-2020 წლებში მნიშვნელოვანი კატეგორიის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი დაბალია და მხოლოდ 33%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც სტანდარტული რეკომენდაციების 48%-ია შესრულებული.

“ის, რომ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შესრულების კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, საგანგაშოა. გასათვალისწინებელია გარემოებაც, რომ პარლამენტი, რომელიც ზედამხედველია აუდიტის სამსახურის, ასევე მისი დამოუკიდებლობის გარანტიც არის, არ აქტიურობს. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა აუდიტის სამსახური კრიტიკული ყოფილა მთავრობის მიმართ, პარლამენტი მთავრობის მხარეს იყო. აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებისთვის, პირველ რიგში პარლამენტი უნდა აქტიურობდეს, რათა გაიზარდოს რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი. თავად აუდიტის სამსახური ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მის მიერ გაცემული რეკომენდაცია აღსრულდება”,-ამბობს ნამჩავაძე.