მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური ეწინააღმდეგება კანონპროექტს, რომლითაც მას მედიის ზედამხედველობა ევალება

5efc3abe9ad02
შოთა ტყეშელაშვილი
01.07.20 11:26
961
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწინააღმდეგება პარლამენტში დაჩქარებული წესით შესული კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც უწყებას საარჩევნო პერიოდში მედიის ზედამხედველობა ევალება. შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შედის. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ ამგვარი ნორმის მიღება გაუმართლებელია, რადგანაც ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს სცილდება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოზიცია ახალ კანონპროექტზე:

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების მართვას. ჩვენი მანდატია საჯარო მმართველობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, აქედან გამომდინარე მედიის, მათ შორის, არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საშუალებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშგების დავალდებულება გაუმართლებელია. ამავე მიზეზით, არამართებულია მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირების ფუნქციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მინიჭება. ამასთანავე, მედიის საქმიანობის რეგულირების და კონტროლის მანდატის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მინიჭება მიზანშეუწონელია იმ თვალსაზრისითაც, რომ უკვე არსებობს სფეროს მარეგულირებელი და მაკონტროლებელი - საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახით. ამდენად, მედიაში გასული პოლიტიკური საარჩევნო რეკლამის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის უკეთ რეგულირების გზით," - ამბობენ აუდიტის სამსახურში. 

რა იცვლება:

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საფუძველზე, რომელიც პირველი მოსმენით დღეს განიხილება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. კერძოდ:

- ცვლილებები ადგენს მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
- ამასთანავე, მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

საარჩევნო კოდექსის პროექტის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი.