მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა

61b35d646a372
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.21 18:10
818
მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე იზრდება.

ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 6.09 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით დაფინანსების ყველაზე დიდი მატება შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტიც 932 მილიონი ლარი ხდება, რაც წინა წელთან შედარებუთ 290 მილიონით მეტია.

მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდა 6%-ზე არის დაგეგმილი, რის შედეგად, მშპ-ის ზომამ 65 მილიარდს უნდა მიაღწიოს. ბიუჯეტის დეფიციტი კი უცვლელად, 4.2%-ზე არის დაგეგმილი, სახელმწიფო ვალის მოცულობა შპს-თან მიმართებით კი მომდევნო წლის ბოლოს 51.7% იქნება.

დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახლებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვალის გეგმაში არაა გათვალისწინებული სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო კომპანიების ვალები, რომლებიც ამჟამად 310 მილიონი ლარი და მშპ-ს 0.5%-ია. მისი ჩათვლით მთავრობის ვალის ზომა გაისად 52.2% იქნება. 

აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მთავრობის "მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზი" არასრულყოფილია და ის არ იძლევა სათანადო ინფორმაციას იმაზე თუ სხვადასხვა რისკების დადგომის შემთხვევაში რა გავლენა ექნება მას ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 

"პროექტზე თანდართულ „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი რისკები წინა ვერსიის იდენტურია. საყურადღებოა, რომ დოკუმენტში მოცემული ეკონომიკური შოკების ანალიზი ძირითად შემთხვევაში არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისკების სხვადასხვა ხარისხით მატერიალიზაცია რა მასშტაბით მოახდენს გავლენას ეკონომიკურ პარამეტრებზე. დოკუმენტს ასევე არ ახლავს ინფორმაცია სხვადასხვა ეკონომიკური სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ," - წერს აუდიტის სამსახური.

აუდიტის სამსახური საუბრობს საინვესტიციო პროექტების დაფინანსების განახლებულ წესებზეც, რომლის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე კონკრეტული პროექტის შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა საინვესტიციო პროექტის ბიუჯეტის დამტკიცების წინ, მთავრობამ შეფასების დოკუმენტები გამოაქვეყნოს და ეს ბიუჯეტის პირველივე წარდგენის პროექტში იყოს ასახული. 

"დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიასთან ერთად ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა „საინვესტიციო პროექტების მართვის დანერგვის რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების წინასწარი შერჩევის და შეფასების პილოტური ანალიზი“-ს დოკუმენტი. „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის“ პროექტის მიხედვით, საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში თითოეული ახალი პროექტის ინიცირებისათვის საჭიროა არსებობდეს ეფექტიანობის შესახებ დადებითი შეფასება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მომდევნო წლებში საინვესტიციო პროექტების შეფასება განხორციელდეს ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე და სასურველია, პროექტების შერჩევასა და შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია თან ერთვოდეს კანონპროექტის პირველივე წარდგენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეტაპობრივად გაუმჯობესდეს აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი," - წერს აუდიტის სამსახური.

პროგრამების დაფინანსება:

"კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, ასიგნებები უკორექტირდება მხარჯავი დაწესებულებების ფარგლებში განსაზღვრული 136 პროგრამიდან 18 პროგრამას. მათ შორის, 14 პროგრამის დაფინანსება იზრდება ჯამურად 275 მლნ ლარით, ხოლო 4 პროგრამის დაფინანსება მცირდება ჯამურად 22 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან, 70 მლნ ლარით იზრდება საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა, რაც ძირითადად 10 გამოწვეულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების 50 მლნ ლარით ზრდით. კანონპროექტში უცვლელია პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება და 500 მლნ ლარს შეადგენს,"- ნათქვამია დოკუმენტში