მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტმა ეკომიგრანტთათვისს მშენებარე 39-მილიონიანი კორპუსების შესყიდვაში ხარვეზები გამოავლინა

61ffb7fab9a82
BM.GE
06.02.22 15:57
909
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული შესყიდვების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია “სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში მშენებარე კორპუსების შესყიდვის შესახებ, რომელშიც გარკვეული ხარვეზებია, რამაც პროექტის გაჭიანურება გამოიწვია.

აუდიტის სამსახური წერს:

“სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 11 ნოემბერს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 41,468,000 ლარით.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტის“ მიერ მომზადებულ საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, შერჩევა-შეფასების ეტაპზე, სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების გამო, ტენდერი შეწყდა. სატენდერო კომისიის ოქმის თანახმად, დოკუმენტაციაში გამოვლინდა უზუსტობები სამშენებლო მოცულობებთან დაკავშირებით. კერძოდ, ფასადის მოპირკეთებისა და ბინების ელექტრომომარაგების ნაწილში, არმატურის მოცულობის ნაწილში და სხვ. კორექტირებული დოკუმენტაციით 1,980,000 ლარით შემცირდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპამდე ხარვეზები ვერ გამოვლინდა. შედეგად, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდა 2019 წლის 27 დეკემბერს. ხელახალ ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე, გაიმარჯვა შპს „დაგიმ“, რომელთანაც გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ღირებულებით − 38,745,999 ლარი. ხელშეკრულების შესაბამისად, მიწოდების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი. სამუშაოების მიწოდების 17 თვიანი ვადა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, თავიდანვე წარმოშობდა შემდგომში სხვადასხვა საფუძვლით ვადების ცვლილების რისკებს. მართლაც, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით, სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა თავდაპირველად გაგრძელდა 2021 წლის 25 ოქტომბრამდე, ხოლო შემდეგ − 2021 წლის 10 დეკემბრამდე. შესაბამისად, შეიცვალა ფინანსური გეგმა-გრაფიკის თითოეული ეტაპის შესრულების ვადები.

სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადის ცვლილების საფუძვლად პირველ შემთხვევაში მითითებულია, რომ ქვეყანაში პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რაც, თავის მხრივ, აფერხებდა სამუშაოთა წარმოებას და მუშახელის ობიექტზე მობილიზებას, ასევე გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ უფრო მკაცრი შეზღუდვის პირობებში მიმწოდებელ კომპანიას არ ჰქონდა ფინანსური გეგმა-გრაფიკის დარღვევა. ამასთანავე, წარმოდგენილი დოკუმენტებით სათანადოდ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გაგრძელდა მე-3 და მე-4 ეტაპის სამუშაოები, თითოეული, დაახლოებით, 100 დღით. მე-3 ეტაპის სამუშაოების დასრულების დღეს, 2021 წლის 25 მაისს, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით, მესამე ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა კიდევ ორი თვით, ხოლო მეოთხე ეტაპის სამუშაოების − კიდევ 45 დღით. ამ შემთხვევაში ვადის გაგრძელების ძირითად საფუძვლად მითითებულია ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის არარსებობა. როგორც წინა შემთხვევაში, შეზღუდვის გავლენის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ვადების ამ მოცულობით გაგრძელება, ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ დროულად არ გაატარა ეფექტიანი ღონისძიებები დაერთების წერტილების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პროექტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც გამოცხადდა 2021 წლის 11 თებერვალს. ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი − ძირითად ტენდერში გამარჯვებული − შპს „დაგი“, რომლის მიერ შეთავაზებული ფასი − 1,570,000 ლარი, 1.4%-ით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე (1,592,098 ლარი). ტენდერის უკონკურენტო გარემოში ჩატარება გამოწვეულია, მათ შორის იმით, რომ მშენებარე, დაუსრულებელ შენობა-ნაგებობაში შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას სხვა კომპანია ვერ შეძლებდა; ასევე არ არის დასაბუთებული, რატომ არ იქნა ძირითადი შესყიდვის დროს გათვალისწინებული ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სახელმწიფო შესყიდვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში 1,980,000 ლარის ღირებულების უზუსტობა ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპამდე ვერ იქნა გამოვლენილი, რამაც სამშენებლო სამუშაოების 46 დღის დაგვიანებით დაწყება განაპირობა. ამასთანავე, ხელახალი ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადების ცვლილება არ ემსახურება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობების გაუმჯობესებას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ვადებში დაუსრულებლობას განაპირობებს. ასევე დამატებით გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოების უკონკურენტო გარემოში შესყიდვა და მათი გაუთვალისწინებლობა ძირითადი შესყიდვის ფარგლებში, წარმოშობს არაეკონომიური ხარჯის გაწევის რისკებს და შესყიდვების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.