20.აპრილი .2021 11:56

აუდიტმა თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯართის ჩაბარების სქემაში დარღვევები აღმოაჩინა

აუდიტმა თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯართის ჩაბარების სქემაში დარღვევები აღმოაჩინა
views 434
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური ანგარიშის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უწყების დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია “დელტას” მიერ ჯართის ჩაბარების სქემა კითხვის ნიშნებს აჩენს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანია უტილიზირებულ ჯართს არ აღრიცხავს; ასევე არ არის დადგენილი შესაბამისი პროცედურები, რომელთა დაცვითაც სამხედრო ქონების ჯართში ჩაბარების პროცესი უნდა წარიმართოს. 

დოკუმენტის თანახმად, გაყიდული ჯართის საქმეში არსებული დარღვევები თავად “დელტას” შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია:

“დელტა ფულად შემოსავლებს იღებს ჯართის რეალიზაციდან, რომელიც მიიღება ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შედეგად.აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები:

გადმოცემული მატერიალური ფასეულობები მიიღება რაოდენობრივად ან წონით და არ ხდება მათი აღრიცხვა შემდგომი რეალიზაციის მიზნით მიღებულ საქონლად.

ჯართის მიღების დროს გარკვეულ შემთხვევებში არ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები.

უტილიზებული ჯართი არ აღირიცხება.

არ არის ჩამოყალიბებული ჯართის მიღებისა და შემდგომი რეალიზაციის სპეციფიკური პროცედურები.

სამინისტროს განმარტებით, დელტას შიდა აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული მიმართულებით გამოავლინა დარღვევები, რომელიც შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

რაც შეეხება ჯართის რეალიზაციის კონტროლის მექანიზმების დანერგვის პროცესს, დელტას განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირდებით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ვერ დავრწმუნდით "დელტას" მიერ ჯართის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების სისრულესა და სიზუსტეში. აღნიშნული თავის მხრივ წარმოშობს ქონების დანაკარგების და არამიზნობრივი გამოყენების რისკებს,” - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.