მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხარჯავს უორენ ბაფეტი მილიარდებს?

5f4361a4e5250
თამთა ჯიჯავაძე
25.08.20 00:00
1550
Wealth-X-ის კვლევის მიხედვით, უორენ ბაფეტის ქონება, დაახლოებით, $84 მილიარდია. იმის მიუხედავად, რომ 89 წლის ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ის  თავმდაბლობით და ხელგაშლილობით გამოირჩევა. როგორც CNBC წერს, მაგალითად, ბაფეტის ყოველი დილა McDonald’s-ის $3.17-იანი საუზმით იწყება. ასევე, თებერვალში სანამ iPhone 11-ს შეიძენდა, უორენი $20-იან დასაკეც ტელეფონს იყენებდა. შეგახსენებთ, რომ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ი Apple-ის 5.9%-იანი წილის მფლობელია.

როგორც თავად ბაფეტი ამბობს, მას არ იზიდავს მდიდრული ცხოვრების წესი, რომელიც აღსავსეა ძვირიანი სახლებით, მანქანებით და სამკაულით. აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტი ჯერ კიდევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც მან ნებრასკაში 1958 წელს $31,500-ად შეისყიდა (ეს თანხა დღეს $285,000-ის ეკვივალენტია). ბაფეტი თავის სახლს მესამე ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციად მიიჩნევს, სიაში სახლს წინ უსწრებს  ნიშნობის ორი ბეჭედი.

ბაფეტი არც კერძო ტრანსპორტს ანიჭებს დიდ უპირატესობას. 2014 წელს მან $46,000-ანი Cadillac XTS-ი იყიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისმა ქალიშვილმა სიუზიმ უსაყვედურა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ძველი მანქანით სიარული “სირცხვილი” იყო. ერთ წელიწადში, ბაფეტმა თავისი ძველი Cadillac-ი $122,500-ად გაყიდა და თანხა ქველმოქმედებისთვის გადარიცხა.

ამას გარდა, ბაფეტი ერთი კერძო თვითმფრინავის მეპატრონეა, რომლით სარგებლობასაც  “ერთადერთ ყველაზე ძვირიან საქმეს” უწოდებს. უორენის თვითმფრინავი, დაახლოებით, $32 მილიონი ღირს.

როგორც Giving Pledge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაფეტს ბილ და მელინდა გეითსებთან ერთად ქველმოქმედებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2010 წელს დაფუძნებულ კომპანიას 200-ზე მეტი მილიარდერის/მილიონერის ხელმოწერა აქვს შეგროვებული, რომლებიც დამფუძნებლების მსგავსად, თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს ქველმოქმედებისთვის რიცხავენ.

2006 წლიდან მოყოლებული, ბაფეტს ქველმოქმედებაში $37 მილიარდი აქვს გადარიცხული.

ბაფეტის ქონების 99% Berkshire Hathaway-ს ინვესტიციებიდან მოდის, რაც, დაახლოებით, $82 მილიარდს უტოლდება. თუმცა, ბაფეტს საკუთარი წილებიც აქვს შესყიდული. მაგალითად, ბაფეტი აშშ-ის Bancorp-ის, დაახლოებით, $30-მილიონიანი აქციის მეპატრონეა, კიდევ $19.5 მილიარდი Seritage Growth Properties-ს აქციებში აქვს ჩადებული, ხოლო კიდევ უფრო დიდი ინვესტიცია მან Wells Fargo-ში ჩადო, $45 მილიონის სახით.