მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გარანტიებს ითხოვს უკრაინა? – სტამბოლის მოლაპარაკებების შედეგები

62431bdb43964
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 19:00
1449
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე უკრაინა მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ახალი საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის წინადადებით გამოვიდა. უკრაინა ითხოვს, რომ მისი უსაფრთხოების დარღვევის, ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ამოქმედდეს NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი დათქმა, რაც კონფლიქტში უკრაინის სასარგებლოდ გარანტორი ქვეყნების ჩართვას გულისხმობს. ამის შესახებ ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარემ და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა დავით არახამიამ სტამბულში მხარეებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უკრაინა გარანტორ ქვეყნებად მოიაზრებს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს: დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, რუსეთს, აშშ–ს, საფრანგეთს, თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთსა და ისრაელს.

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ეს იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ყველა გარანტორი მხარე მოაწერს ხელს. ისინი ამ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ, იმისთვის, რომ არ განმეორდეს ბუდაპეშტის მემორანდუმში შეტანილი შეცდომა. ის უბრალოდ ქაღალდი აღმოჩნდა, ჩვენ კი ძალიან მტკივნეული გაკვეთილები მივიღეთ. გვინდა, რომ ეს უკრაინის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების ქმედითი საერთაშორისო მექანიზმი იყოს“, - განაცხადა არახამიამ.

დავით არახამიას თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ უკრაინაზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში გარანტორმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების და კონფლიქტში ჩართვის შესახებ 3 დღეში მიიღონ. არახამია ამბობს, რომ NATO–ს მე–5 მუხლი კონსულტაციების ზუსტ დროს არ განსაზღვრავს, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება ერთი წელიც კი გაგრძელდეს; მათ მიერ შეთავაზებული წინადადებით კი, უკრაინის თავდაცვაზე გადაწყვეტილება კონკრეტულ დროში უნდა მიიღონ.

„ჩვენ ვამბობთ, რომ კონსულტაციები სამ დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს და თუ ეს ომი, სამხედრო ოპერაცია ან რაიმე სახის აგრესიაა, სამდღიანი კონსულტაციის შემდეგ გარანტორი ქვეყნები იურიდიულად ვალდებულნი არიან, დახმარება აღმოგვიჩინონ სამხედრო, შეიარაღებული ძალების, იარაღის, ცის დაკეტვის და სხვა დახმარების სახით, რაც დღეს ასე გვესაჭიროება და რასაც ვერ ვიღებთ“, -განაცხადა არახამიამ.