მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Coca-Cola-ს აკადემია ფუძნდება - "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ რექტორს ეძებს

62d79db379796
თათია ჩაფიჩაძე
20.07.22 10:38
4895
Coca-Cola, განათლების ხელშეწყობის მიზნით იწყებს, ახალ გლობალურ პროექტს იწყებს. საერთაშორისო კომპანიის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში Coca-Cola-ს აკადემია დაარსდება, რომელიც სტუდენტებს ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადებს.

გლობალური ქსელის წამოწყებას საწყის ეტაპზევე უერთდება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც". ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ აკადემიის სტუდენტებს ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები თუ სპორტსმენები გადაამზადებენ; სწავლება კი სრულად ონლაინ იქნება.

„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო გლობალურმა "კოკა-კოლამ" - აყალიბებს აკადემიას, რომლის საექსპერიმენტო ნაწილში ვართ ჩვენც. აკადემია არ იქნება მარტო საქართველოში, არამედ იქნება რეგიონში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეს უნდა მოედოს მთელ მსოფლიოს. სერიოზული ფინანსები იქნება ამაზე გამოყოფილი გლობალური "კოკა-კოლისგან" და ცხადია, ამ პროცესში ჩვენი თანამონაწილეობაც იქნება.

მიზანი ის არის, რომ ამ აკადემიაში სწავლება წაიყვანონ ყველაზე ცნობილმა მეცნიერებმა, პოლიტიკოსებმა, ეკონომისტებმა, მსახიობებმა იმისთვის, რომ ჩართულმა სტუდენტებმა მიიღონ ის უნარები და განათლება, რაც დღეს მოთხოვნადია", - აცხადებს ჭყონია.

იდეის ხორცშესხმისთვის კომპანია ადგილობრივ ბაზარზე აკადემიის რექტორს ეძებს. პირობების მიხედვით, მან ქვეყნის მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია უნდა დაამყაროს, მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი სასწავლო პროგრამები შექმნას და სექტემბრისთვის საპილოტე პროექტში სტუდენტების ჩართვა უზრუნველყოს. ჯერჯერობით, უცნობია, წლიურად რამდენ მსურსველს გადაამზადებს აკადემია და რამდენ ხნიანი იქნება სასწავლო კურსები.

"კოკა-კოლას" აკადემიის რექტორის მსურველებმა საკუთარი CV და სამოტივაციო წერილი კომპანიის ოფიციალურ მეილზე - info@ccbg.ge უნდა გააგზავნონ.

„თქვენ დახმარებას ვითხოვთ რექტორის ძებნის პროცესში. აკადემიის რექტორი უნდა იყოს მცოდნე, პროგრესულად მოაზროვნე, როგორიც ჩვენ გვიყვარს, კრეატიული, ენები უნდა იცოდეს. ის შემდგომ გაივლის ტრეინინგებს ევროპის ოფისში და პირობებს რომ დააკმაყოფილებს, ძალიან საინტერესო გრძელვადიან თანამდებობას მიიღებს.

მას მოეთხოვება ამ ყველაფრის ორგანიზება, იმ ინოვაციების, შემოთავაზების იმპლემენტაცია, რასაც გლობალური "კოკა-კოლა" სთავაზობს. შეიძლება თავის ინიციატივებიც შესთავაზოს მათ. ჩვენმა სპიკერებმა შეიძლება ლექცია ჩაუტარონ ინდოელ, ევროპელ სტუდენტებს; ჩვენი მეცნიერებიც წარდგებიან სხვების წინაშე, ჩვენც გავუწევთ რეკომენდაციას ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მეცნიერებს.

როგორც "კოკა-კოლა" მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდია, აკადემიაც იქნება ისეთი დატვირთვით, რომ ყველასთვის საინტერესო იქნება მასში მონაწილეობა, რადგან სპიკერებად ეყოლებათ, მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურიატი ან ჰოლივუდის მსახიობი, ან წარმატებული სპორტსმენები", - ყვება თემურ ჭყონია BMG-სთან ინტერვიუში.

"კოკა-კოლას" აკადემიის წარმატებულ სტუდენტებს დამატებით სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების საშუალებაც მიეცემათ. წარმატებული მონაწილეების დაფინანსებას კომპანია სრულად თავის თავზე აიღებს.

"წარმატებული სტუდენტები შესაძლებელია სხვა აკადემიაში აირჩიონ და წაიყვანონ მათ შორის დასაქმების თვალსაზრისით ან ტრეინინგებისთვის. სრულყოფილებამდე უნდა მივიყვანოთ ეს თემა. შიგადაშიგ გამოჩნდება პროექტები, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ სტუდენტებს დავაფინანსებთ. ამ ლექციებს დიალოგის სახე ექნება და ამ პერიოდში  ვინც  წარმატებული აღმოჩნდება, დაინახავს, რა შესაძლებლობებს შევუქმნით. ახლა ჩვენი წარმატება დამოკიდებულია კარგ რექტორზე", - უთხრა bmg-ის ბიზნესმენმა.

კიდევ ერთ სოციალურ პროექტს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” USAID-თან ერთად ახორციელებს. ქვეყანაში ქალთა გაძლიერების მიზნით, „ჯუნიორ ეჩივმენტთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, ფინანსური თანამონაწილეობა კი 100 ათასი დოლარია.

„ჯუნიორ ეჩივმენტთან“ დავდეთ ხელშეკრულება და დღე-დღეზე მიიღებენ 100 ათასს დოლარს; ეს არის ქალთა დასაქმების პროგრამა საქართველოს სამ რეგიონში, რომელიც მერე კიდევ გაფართოვდება. სოციალური პროგრამები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გლობალურად "კოკა-კოლასთვის" პანდემიის შემდეგ პერიოდში, რათა დავეხმაროთ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ბიზნესს და მათ შორის წინ იყოს წამოწეული ქალთა ბიზნესი", - განაცხადა ჭყონიამ.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო კომპანია "კოკა-კოლას" 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მათი ფონდის მიერ მსოფლიოს 350 ორგანიზაციაზე 109,2 მლნ დოლარი გაიცა, საიდანაც ქალების გაძლიერებისთვის 10.9 მლნ დოლარი მოდის, განათლებასა და ახლაგაზრდების განვითარებისთვის - $11,6 მლნ, კატასტროფისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის - $8 მლნ, ხოლო კოვიდის მართვისთვის 22 მლნ დოლარი დახარჯა.