მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა და საქართველოში მედიკამენტების შემოტანის საკითხი განიხილა

61ea852988a8b
ინგა მურუსიძე
21.01.22 14:00
730
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმას შეხვდა.

როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

"საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რაც წამლის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. შეხვედრაზე მხარეებმა covid 19- ის მართვის მექანიზმებზე იმსჯელეს.

ზურაბ აზარაშვილმა თურქეთის ელჩს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ფატმა ჯერენ იაზგანმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

ცნობისთვის, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის ინიციატივა პრემიერმა მიმდინარე თვის დასაწყისში გააჟღერა. მისი თქმით, ინიციატივა მიზნად ქართულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფებას ისახავს, თანაც ისე, რომ არ დაეცეს წამლის ხარისხი და ფარმაცევტულ ბაზარზე შეიქმნას კონკურენტული გარემო. ამასთან, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ იმპორტიორი კომპანიები, თურქეთიდან GMP-ის სტანდარტის შესაბამის წამლების შემოტანას შეძლებენ, რომლის ფასი საკმაოდ დაბალია.

ფასების კონტექსტში საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილების მისაღებად ქართულმა მხარემ 200 დასახელების მედიკამენტის ფასი შეისწავლა, დადგენილებაზე ხელმოწერით კი საქართველოსთვის თურქეთის ბაზარი ნებისმიერი დასახელების მედიკამენტის იმპორტისთვის ღიაა.