მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუთლეტ სოფლის“ გახსნით საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე გაჩნდება“ - გუგა ცანავა

63c11c9306a64
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.23 09:00
5729
“ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპში“ 2023 წლის სექტემბერში თბილისში, რეგიონის პირველი აუთლეტ სოფლის გახსნას აანონსებენ. BM.GE-სთან საუბრისას ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ აღნიშნა, რომ სოფელში თითქმის ყველა კატეგორიიდან 120 საშუალო და მაღალი კლასის ბრენდი იქნება წარმოდგენილი, საიდანაც 70% უკვე დაკონტრაქტებულია. აღსანიშნია ისიც, რომ პროექტმა რამდენიმე ბრენდს საქართველოში შემოსვლისკენ და აქ მაღაზიების გახსნისკენ უბიძგა.

"აუთლეტ სოფელი" 10 ჰექტარზე განთავსდება და პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

რა მნიშვნელობა აქვს თბილისში პირველი აუთლეტ სოფლის ამოქმედებას? - ეს კითხვა BM.GE-მ “ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველ პარტნიორს გუგა ცანავას დაუსვა. მისი შეფასებით, ეკონომიკური თვალსაზრისით „აუთლეტ სოფლის“ გახსნა ქვეყნისთვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება.

„აუთლეტ სოფლის გახსნით საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე გაჩნდება, რამეთუ ეს რეგიონში პირველი აუთლეტ სოფელი იქნება. სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთშიც კი ასეთი ტიპის აუთლეტი არ არსებობს. თურქეთში არის აუთლეტები, მაგრამ სოფელი - არა.

საქართველოში აუთლეტ სოფლის გახსნის ფაქტორმა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა იქონია, რადგან პანდემიის შედეგად მათ ისეთი ზარალი განიცადეს, რომ რამდენიმე ბრენდი, რომელიც საქართველოში შემოსვლას საერთოდ არ აპირებდა, ამ შესაძლებლობით თავად დაინტერესდა. საკმაოდ სერიოზული ბრენდები შემოდიან და სოფელში ყველა კატეგორიაში ყველაზე ცნობილი ბრენდები იქნებიან წარმოდგენილნი.

ეს ადგილი ეკონომიკის გააქტიურების ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი გახდება. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამასთანავე, პროექტით იქმნება გასართობი ადგილი, სადაც განტვირთვას არამხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც შეძლებენ“, - განმარტა გუგა ცანავამ.

“ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „აუთლეტ სოფელში“ ბრენდების შესვლის წინაპირობა, მათ მიერ ქვეყანაში ოფიციალური მაღაზიების გახსნაა. გუგა ცანავას ინფორმაციით, ამ ფაქტორის გამო ქვეყანაში 22 ახალი ბრენდი შემოდის, რომელთან ნაწილმა მაღაზიები უკვე გახსნა, ნაწილი კი დაკონტრაქტებულია და მაღაზიისთვის საჭირო ადგილის მოძიებისთანავე გაიხსნება. გარდა ამისა, არიან ბრენდები, რომლებმაც აუთლეტ სოფელში ოპერირების ეს კანონზომიერება დაარღვიეს და მაღაზიებს პირდაპირ სოფელში გახსნიან.

„5 შემთხვევა გვაქვს, როდესაც ძალიან ცნობილმა ბრენდებმა დაგვრთეს უფლება პირდაპირ აუთლეტში შემოვიდნენ, ისე რომ ქვეყანაში ოფიციალურ მაღაზიებს არ გახსნიან. ეს მათ შორის გლობალურად მოდის სფეროში სტრატეგიის შეცვლას უკავშირდება. ეს სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული - კოვიდ პანდემია, ლოგისტიკური სირთულეები, ახალი თაობის მოთხოვნებმა და მოდის კულტურამ, ბრენდებს შორის პარტნიორობამ და ა.შ.“, - ამბობს “ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველი პარტნიორი.

ცნობისთვის, თბილისის აუთლეტ სოფლის გახსნა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოში გაჩენილმა ლოგისტიკურმა გართულებებმა გახსნის პროცესი გაახანგრძლივა.