მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავარიული სახლების ჩანაცვლება თბილისში – რა არის ბიზნესის ინტერესი?

61ed4110a39e8
დავით ჯალაღონია
23.01.22 19:00
2467
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, წელს დედაქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება, რაზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვიდრე კალაძის მთავრობა კონკრეტულ პროექტს წარმოადგენს, Bm.ge დაინტერესდა, რამდენად და რა ფორმით არის მისაღები კერძო სექტორისთვის ავარიული სახლების ჩანაცვლებაში მონაწილეობა.

როგორც კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე განმარტავს, ძველი თბილისის ნაწილში მუშაობა ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება, თუ მუნიციპალიტეტი სამშენებლო, თუ დეველოპერული კომპანიებისთვის ფინანსურად მისაღებ წინადადებებს არ წარმოადგენს.

"ალბათ, უნდა გავმიჯნოთ ავარიული ფონდი, რაც თბილისს აქვს, ეს არის ძირითადად ძველი თბილისი, სადაც დაბალი განაშენიანებაა და ნაკლებად საინტერესოა ბიზნესისთვის. აქ ალბათ, სხვა მიდგომა უნდა იყოს. ჩვენ ბათუმის მაგალითიც გვახსოვს ავარიულ სახლებთან მიმართებით– ახლა თბილისის მაგალითიც (მეტეხის ქუჩაზე მდებარე სახლის ჩამონგრევა) დაემატა. პირველ რიგში, რაღაც დიაგნოსტიკა უნდა მოხდეს, რადგან ეს სიცოცხლისთვის საშიში ავარიული შემთხვევებია და სახელმწიფომ ცალკე უნდა განიხილოს. იქ შეიძლება, რაღაც საკანონმდებლო ინიციატივაც იყოს, რომ ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს, რომ თუ ავარიულია შენობა, მოსახლეობა აუცილებლად უნდა გამოვიდეს იქიდან. თუ გამოიკვეთება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ჩართულობა და მონაწილეობა, შეიძლება ბიზნესისთვისაც საინტერესო იყოს, რადგან გარდა დაბალი განაშენიანებისა, ძალიან რთულია ამ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და აქ თუ სახელმწიფოს ჩართულობა იქნება, პაკეტს შეკრავს და მოსახლეობასთან შეთანხმებული იქნება, შეიძლება საინტერესო მოდელი მივიღოთ", – განაცხადა ბესო ორთოიძემ.

კითხვაზე, რა შეიძლება შევიდეს ამ პაკეტში, დეველოპერი პასუხად ამბობს, რომ ეს შეიძლება სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად დათვალოს და ისინი ერთად შეთანხმდნენ, თუ რა ბენეფიტს მიიღებს კეძო სექტორი ამ პროექტებში ჩართვის სანაცვლოდ.

რაც შეეხება უკვე დაწყებულ პროგრამას, ე.წ "ხრუშჩოვკის" ტიპის შენობების ჩანაცვლებას, რაზეც ამჟამად ვარკეთილში მიმდინარეობს მუშაობა, კომპანია "არსი" ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ მუშაობს, თუმცა ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორის გააქტიურება ისეთი შეთავაზებებზე იქნება დამოკიდებული, როგორიც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაა.

"ამ ეტაპზე მხოლოდ ის ინიციატივა ვიცით, რაც გააჟღერა მუნიციპალიტეტმა და ეს იყო წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში. მე აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და რთული გამოწვევაა, რაც დღეს არ დამდგარა. ათწლეულებია ეს პრობლემა არის და მე მახსოვს, რომ თითქმის ყველა წინამორბედი ადმინისტრაცია აპირებდა და ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ვერავინ გაბედა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და მე მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგმება და დაიწყება.

ინიციატივა, რაც გაჟღერდა, ითქვა, რომ ეს იქნება სამშენებლო კომპანიებისა და არა დეველოპერულისთვის. დეველოპერები, როგორც წესი, სამშენებლოებს უკვეთავენ ამა თუ იმ პროექტს და შემდეგ ცალკე თავის მარჟას ამატებენ და მუნიციპალიტეტის მიზანია, რაც შეიძლება დაბალ ბიუჯეტად შეძლოს ამ ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს პროგრამა განვითარდება და დეველოპერებისთვის საინტერესო უნდა გახდეს.

ამას არა მხოლოდ სოციალური დატვირთვა აქვს, არამედ ურბანული და არქიტექტურული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ეკონომიკური დატვირთვაც აქვს, რადგან საკმაოდ დიდი ეკონომიკური აქტივობა შეიქმნება ამ პროგრამით. საინტერესო იქნება ისიც, რომ თუ ავიღებთ ქავთარაძის და ვაჟას–ფშაველას კვარტლებს, აქ უამრავი დაბალსართულიანი "ხრუშჩოვკაა" და აქვთ საინტერესო გეგმარება ურბანული თვალსაზრისით, მაგრამ ეს პოტენციალი გამოყენებული არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს სივრცეები ან ავტოფარეხებად არის გადაქცეული, ან უბრალოდ შემოღობილია, ვიღაცას მითვისებული აქვს. შესაბამისად, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც სართულიანობის გაზრდის კუთხით, მაგალითად ხუთიანის ნაცვლად, აშენდეს თუნდაც 8 ან 10–სართულიანი შენობები, ასევე ეს სივრცე გაძლევს საშუალებას, რომ უკეთესი, დამატებით სახლები განათავსო ამ სივრცეში, მაგრამ ბევრად უკეთესი იყოს ეს სივრცე, ვიდრე დღეს არის. შესაბამისად, აქ არის პოტენციალი, რომ კერძო სექტორი დაინტერედეს. თუმცა დასაწყისისთვის სახელმწიფო ალბათ მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული. ბიუჯეტიდანაც მოუწევს ალბანთ დაფინანსება, რომ დაიწყოს ეს პროგრამა, მოსახლეობამაც დაინახოს, რომ რეალურია, რადგან საკმაოდ რთული იქნება მათთან შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ მათი საბინაო ფონდის გაუმჯობესება უნდა მოხდეს.

საბოლოოდ მივიღებთ ისეთ პროგრამას, რომელიც ბიზნესისთვის იქნება საინტერესო, სხვა შემთხვევაში გრძელვადიანად ვერ იარსებებს ასეთი პროგრამა, როემლიც მუდმივად სახელმწიფოს დაფინანსებას და მხარდაჭერას საჭიროებს", – განმარტა ბესო ორთოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს წინასაარჩევნოდ კახა კალაძის გუნდმა მოსახლეობას "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი შესთავაზა. კალაძის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში პროექტზე პირველი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა მშენებელი კომპანიები პროექტით არ დაინტერესდნენ. მეორე ინტერესთა გამოხატვაში კი გამარჯვებულად კომპანია არქის შვილობილი შპს "ვარკკეთილი დეველოპენტი" გამოცხადდა, რომელსაც თბილისის მერიამ ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.

როგორც კომპანია "არქის" გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი ამბობს, პროექტი აქტიურ ფაზაშია და მერიასთან შეთანხმების შესაბამისად ბინების ჩაბარება 2022 წლის ზაფხულში მოხდება.