მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავეჯის საწარმო „კავე“: „პანდემიის გამო გაყიდვები არ შემცირებულა“

5f3275b90b1bf
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.20 16:30
2573
რბილი ავეჯის, სამზარეულოს და კარადების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „კავე“, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, პროდუქციას მხოლოდ შეკვეთით ამზადებს და როგორც კომპანიაში ამბობენ პანდემიას ავეჯზე მოთხოვნა არ შეუმცირებია.

კომპანიის შოურუმი ვაკეში ატენის ქუჩაზეა, ხოლო თავად ავეჯის წარმოება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება, სადაც 10 ადამიანია დასაქმებული.

„კავე-ს პროდუქცია ძირითად ონლაინ იყიდება და ავეჯს მხოლოდ შეკვეთებით ვამზადებთ. ჩვენი პროდუქტი მომხმარებელზეა მორგებული და ნებისმიერი ფასის ავეჯის წარმოება შეგვიძლია, რაც მასალის ხარისხიდან და ფასიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნავს BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი გიორგი კაპანაძე.

„კავე“-ს დამფუძნებელი პანდემიის შემდეგ ავეჯის ადგილობრივი წარმოებისთვის შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს რომ, მათი წარმოებისთვის პანდემიას მნიშვნელოვანი სირთულეები არ შეუქმნია.

„პანდემიის გამო გაყიდვები რეალურად არ შემცირებულა. შესაძლოა, უმნიშვნელო სირთულეები ნედლეულის იმპორტირების კუთხით იყო, ამასთან 1.5 თვის განმავლობაში ჩვენი წარმოება სრულად გაჩერებული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა კომპანიაზე არ მოუხდენია“, - ამბობს გიორგი კაპანაძე.

კომპანიის დირექტორი რიცხვებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კომპანია გაყიდვების იმ მაჩვენებელს დაუბრუნდა, რაც 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში ჰქონდა.

„როგორც კი ამოქმედდა საწარმო, ვაგრძელებთ იმ ბრუნვით მუშაობას, რაც გასულ წელს გვქონდა“, - ამბობს „კავეს“ დირექტორი.

მოლოდინებზე საუბრისას კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ 2020 წელი ავეჯის მწარმოებელ ქართულ კომპანიას 20%-იანი ზრდით უნდა დაესრულებინა, თუმცა პანდემიამ მათი გეგმები შეცვალა.

„ჩვენ 2020 წელს დაგეგმილი გქონდა 20%-იანი ზრდა, რომ არა პანდემია გეგმას შევასრულებდით, იქიდან გამომდინარე რომ მზარდი კომპანია ვართ, თუმცა ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს 2019 წლის მონაცემებს შევინარჩუნებთ, რადგან შემოდგომისთვის ველით, რომ აქტივობა მეორე ტალღის გამო შესაძლოა შემცირდეს“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

მისი თქმით, პანდემიამ პროდუქტის ღირებულებაზეც იქონია გავლენა და ნედლეულის გაძვირების პირდაპირპროპორციულად კომპანიას ავეჯის მცირედით გაძვირება მოუწია.

„ავეჯის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული თურქეთიდან შემოგვაქვს. სამწუხაროდ, ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის გამო ჩვენი ხარჯები ამ მხრივ გაიზარდა, იმიტომ რომ ნედლეულის შემოტანა გაგვიძვირდა, შესაბამისად, ამან ჩვენი წარმოების ავეჯზეც იქონია გავლენა. ავეჯის გაძვირება 5%-ით მოგვიწია“, - განაცხადა „კავეს“ დირექტორმა.