მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ამბიციური და ტექნიკურად რთულად განსახორციელებელი პროექტია“ - EBRD შავი ზღვის ენერგოკაბელზე

63cd2fd8453ad
თამთა ჯიჯავაძე
22.01.23 16:48
1070
ეს ძალიან ამბიციური და ტექნიკურად რთულად განსახორციელებელი პროექტია, - ასე აფასებს BMG-სთან ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტს. მისივე თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც დეტალურ შესწავლას საჭიროებს, „მაგრამ მასში ჩართვას არ გამოვრიცხავთ“.

„ამ პროექტის შესახებ კარგად ვარ ინფორმირებული და მის შესახებ პარტნიორებს და მთავრობას ვესაუბრები. ეს ძალიან ამბიციური და ტექნიკურად რთულად განსახორციელებელი პროექტია, რომელსაც საფუძვლიანი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სჭირდება. თუმცა საქართველოს ზოგადი ვექტორი, რომელიც ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების გაზრდისკენ და ნეტო ექსპორტიორად ჩამოყალიბებისკენაა მიმართული, ის ვექტორია, რომელსაც მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია რუსეთსა და რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება.

„ამ ყველაფერს კიდევ ერთ საკითხამდე მივყავართ, რომლის გაღრმავება საქართველოს მთავრობასთან მიმოვიხილეთ. ცხადია, საუბარია ქვეყნის ენერგოპოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდაზე. ჰიდროენერგეტიკა ქვეყანაში უკვე საკმაოდ განვითარებულია...“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ქვეყნებისთვის ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა ბანკის პრიორიტეტია. „უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნებმა ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლის პროცესი ისე უნდა დააჩქარონ, როგორც არასდროს. კლიმატის ცვლილების, ეკონომიკური მიზეზებისა და ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე, უფრო სუფთა, უფრო იაფი და უფრო უსაფრთხო ენერგიის წარმოებისთვის, ქვეყნებმა ენერგიის განახლებადი წყაროები უნდა განავითარონ“, - განაცხადა მარკ ბოუმენმა.

შეგახსენებთ, EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან და EBRD-ის მაღალი დონის დელეგაციამ შეხვედრები გამართეს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან.