მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავერსმა" და "ჯიპისიმ" გრიპის ვაქცინის მარაგი სრულად ამოწურა

5e12ee4264eaa
თათია ჩაფიჩაძე
06.01.20 12:40
3356
კომერციულ სექტორში გრიპის ვაქცინა სრულად ამოწურულია. ამის შესახებ bm.ge-ის "ავერსსა" და "ჯიპისიში" განუცხადეს. როგორც ვაქცინის შემომტან კომპანიებში ამბობენ, ამის მიზეზი უპრეცედენტოდ გაზრდილი მოთხოვნა გახდა.

„კომპანია "გეფამ" (ჯიპისი) სექტემბრის ბოლოს 12 ათასი დოზა, ჰოლანდიური წარმოების სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, ხოლო ნოემბრის ბოლოს კი - ფრანგული წარმოების ვაქსიგრიპის (4 კომპონენტიანი) დამატებით 12 ათასი დოზა, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული ვაქცინების რაოდენობას 25%-ით აღემატება, თუმცა შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა. შემსყიდველებს შორის იყვნენ როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე სხვა კომპანიები, რომლებმაც ვაქცინები საკუთარი თანამშრომლების აცრის მიზნით შეიძინეს. გარდა კომპანია „გეფასი“, ვაქცინები კერძო სექტორიდან სხვა კომპანიებმაც შემოიტანეს, ხოლო სახელმწიფომ კი, 100 000 დოზა რისკ ჯგუფებისთვის“, - ნათქვამია BM.GE-ისთვის კომპანია „ჯიპისის“ მიერ მოწერილ ოფიციალურ პასუხში.

მათივე ინფორმაციით, მწარმოებლებს ამ ეტაპზე ექსტრა რაოდენობა აღარ აქვთ, რის გამოც, მიმდინარე სეზონზე დამატებითი ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში არ იგეგმება.

ცნობისთვის: წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის დასაწყისის ნაცვლად, ნოემბრის ბოლოს შემოიტანეს. მაშინ „ჯიპისიში“ აცხადებდნენ, რომ დაგვიანების მიზეზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან 2019-2020 წლის გრიპის ვირუსის საპროგნოზო შტამების დადგენის ვადების დაგვიანება იყო (თებერვლის ნაცვლად აპრილში), რის გამოც წარმოების პროცესმა და მიწოდების ვადებმა გადაიწია.