მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციის ბიზნესი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტში ერთიანდება

5eb939a62054e
თელარა გელანტია
11.05.20 15:39
928
საავიაციო-საკონსულტაციო ჯგუფის ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბაზაზე საავიაციო კომიტეტი ფუძნდება, რომელსაც გიორგი მოლოდინაშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც bm.ge-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, პალატა სხვადასხვა კომპანიის იდეებს, ხედვებს და სურვილებს გააერთიანებს, შემდგომ კი, ერთიან პოზიციას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარუდგენს.

საავიაციო კომიტეტის წევრებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაამტკიცებს. გარდა ამისა, კომიტეტს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს სტუმრის სტატუსით ექსპერტების მოწვევა.

პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას განცხადებით, დღეს ავიაციის სფეროში დგას კომიტეტის შექმნის საჭიროება, რომ კომპანიებმა ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ, კონკრეტული წინადადებები და მესიჯები მიაწოდონ მთავრობას. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოსაც უმარტივდება გადაწყვეტილებების მიღება.

"სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 900-მდე მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტია გაერთიანებული, ბოლო პერიოდში კი მსხვილი ბიზნეს წვერებიც ერთიანდება. ჩვენი მთავარი ფუნქციაც ის არის, რომ დავაორგანიზოთ ბიზნესის იდეები და წარვუდგინოთ მთავრობას, პალატაში არსებული სხვდასხვა კომიტეტის მეშვეობით. კომპანიები ერთიანდებიან მაშინ, როცა შეუძლიათ საერთო პრობლემის გადალახვა. დღეს კი, დგას ამის საჭიროება ავიაციის სფეროში", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

გიორგი მოლოდინაშვილის განცხადებით კი, 55 კომპანიასთან უკვე იყო მოლაპარაკება და 98%-მა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაწევრიანდეს და აქტიურად ჩაერთოს კომიტეტის საქმიანობაში.

"კრიზისულ ვითარებაში საავიაციო კომპანიების ინტერესთა კონსოლიდაცია გვაკლდა. გვსურს, რომ გავაერთიანოთ ყველა კომპანია განურჩევლად, რომელთა ხმა გაგებული იქნება ამ კომიტეტის ფარგლებში. კომიტეტის შექმნის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ დაცული იყოს თითოეული ავია საწარმოს ინტერესი. სფეროს სჭირდება ერთიანობა, უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემატურ საკითხებსა და გამოწვევებზე, რაც დარგში არსებობს. დღეს, კორონავირუსის გამო მთლიანი სექტორია გაჩერებული. ბევრმა სფერომ წარმოადგინა ხედვა და გამოსავლის გზები, თუმცა არა საავიაციო დარგმა. როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან და როგორ ვიმოქმედოთ პოსტ კრიზისის დროს, ჩამოვაყალიბებთ და შევთავაზებთ ჩვენს იდეებს სახელმწიფოს’’, - განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილმა.

კომიტეტის პოტენციურმა წევრმა კომპანიებმა წევრობის სურვილთან დაკავშირებით განაცხადი 14 მაისამდე უნდა წარმოადგინონ, რის შემდგომაც პირველი სამუშაო ონლაინ შეხვედრის ჩატარება იგეგმება. მომავალი სამუშაო დღის წესრიგი, აღნიშნულ შეხვედრაზე კომიტეტის წევრებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდება.