მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ვერ გაყიდეს

6257e920cea32
მარიამ ვარადაშვილი
14.04.22 13:35
1288
“საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯმა” ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი", რომელიც რეაბილიტაციის რეჟიმშია, ვერ გაყიდა. ამის შესახებ BMG-ის საბროკერო კომპანიის დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ უთხრა, რომელიც 2021 წლის ოქტომბრამდე “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი იყო.

“აპრილს დასაწყისში მოვხსენით გაყიდვებიდან. სამწუხაროდ, ვერ გავყიდეთ”,-გვიპასუხა ბოკერიამ.

“ჯორჯიან ეარვეისი” გასაყიდად მიმდინარე წლის იანვარში გამოიტანეს და მისი ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარი იყო. მაშინ ბოკერია აცხადებდა, რომ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯსა“ და "ჯორჯიან ეარვეისს“ შორის გაფორმდა საბროკერო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, უნდა მოეძიებინათ საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის 49% წილის მფლობელი პარტნიორი ან ახალი მესაკუთრე.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის კანონმდებლობა უცხოურ მხარეს უკრძალავს საქართველოს ეროვნულ ავიაკომპანიაში მაჟორიტარული წილის ფლობას, ამიტომაც კომპანიის მხოლოდ 49%-ის გაყიდვა იყო შესაძლებელი. საუბარია „ღია ცის ხელშეკრულებაზე“ რომლის თანახმადაც, ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანიის მინიმუმ 51% წილის ფლობელი ქართული მხარე უნდა იყოს.

ამას გარდა, ბოკერიას მიაჩნდა, რომ ავიაკომპანიის განმტკიცებისთვის და მასში მნიშვნელოვანი უცხოელი პარტნიორების შესვლისთვის მნიშვნელოვანი იყო, კომპანიის აქციების მცირე პაკეტი საქართველოს სახელმწიფოსაც ეყიდა, რათა ამ მხრივ ინვესტორებს მეტი ნდობა ჰქონოდათ.

აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან ეარვეისი” 2021 წლის 31 დეკემბრიდან მოყოლებული გადახდისუუნარობა/რეაბილიტაციის პროცესშია. კომპანიას ათობით მხარის მიმართ 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რომელსაც ვერ ემსახურება, მისი აქტივები კი მხოლოდ 21 მილიონი ლარია.

პანდემიის პერიოდში და რუსეთის მიერ ქართული ავიაკომპანიებისთვის ოპერირების ცალმხრივი აკრძალვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე “ჯორჯიან ეარვეისის” წილი შემცირდა. რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის წილი ავიაბაზარზე მხოლოდ 3%-ს შეადგენდა. მოცემულ პერიოდში კომპანია 73 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.