მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიასანქციები კორონავირუსის გამო - რა გავლენა ექნება ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეწყვეტას?

5e5504303377b
სალომე მეცხვარიშვილი
25.02.20 15:20
1994
ჩინეთი და ირანი იმ TOP-15 ქვეყანას შორის არიან, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოდის. გამკაცრებული სავიზო კონტროლისა და ირანში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო საქართველოში ირანელი საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი ბოლო 2 წელია მეტ-ნაკლებად იკლებს, თუმცა 2019 წლის მონაცემებით, ირანი მაინც მე-8 ადგილს იკავებს. ამავე ადგილზეა ირანი 2020 წლის იანვრის სტატისტიკაშიც და მეტიც, თუ 2019-ში 50%-იანი კლება დაფიქსირდა, იანვარში პირიქით, ირანიდან განხორციელებული საერთაშირისო ვიზიტორების რიცხვი 12%-ით გაიზარდა. თუმცა, ეს რიცხვი დიდი ალბათობით ისევ უარყოფითი ტრენდისკენ წავა, რამდენადაც ფრენები ფიზიკური პირებისთვის შეწყდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან ირანის და პირიქით მიმართულებით 3 ავიაკომპანია დაფრინავდა, კვირაში 14 სიხშირით. არ არის გამორიცხული, მალე ირანიდან საქართველოში სახმელეთო საზღვარიც ჩაიკეტოს ან შემოსვლის ზომები გამკაცრდეს.



რაც შეეხება ჩინეთს, სადაც პირდაპირი ფრენები საქართველომ იანვრის ბოლოს აკრძალა. ჩინეთიდან საქართველოში კვირაში 3 სიხშირით ერთი ავიაკომპანია დაფრინავდა. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის. 2019 წელს 2018 წელთან შედარებით ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. 75%-იანი მატებაა იანვარშიც.



ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ქვეყნებთან ფრენების აკრძალვა, ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ირანის შემთხვევაში - ნაკლებად ტურისტულ სააგენტოებზე, რადგანაც ისინი ძირითადად ტურებს ინდივიდუალურად გეგმავდნენ. ჩინეთთან ფრენების აკრძალვა კი, ტურისტულ კომპანიებს იძულებულს გახდის, სხვა ბაზრებზე გადაერთონ და ეს პრობლემა მათთვის უფრო მწვავედ დადგება.

“ჩინეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული სექტორი ჩვენთვის- შემომყვანი ოპერატორებისთვის. დაფიქსირებული მზარდი მონაცემების გამო უფრო და უფრო მეტი ტურისტული კომპანია გავიდა ჩინურ ბაზარზე და არამარტო ჩინეთში, არამედ ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე; და ის თვეები, მაგალითად ნოემბერი, დეკემბრის დასაწყისი, რომლებიც ზოგადად კრიზისულად ითვლებოდა აქამდე, შეავსეს აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა.

ავიასანქციების შემოღება უბიძგებს კომპანიებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის მეც, მოვძებნოთ ალტერნატივები, რომ ჩავანაცვლოთ სხვა ბაზრებით”,- აცხადებს კომპანია Off Road Georgia-ს დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე.

ჩინეთთან საავიაციო შეზღუდვა, ჯერჯერობით, ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე 29 მარტამდე მოქმედებს. ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ ჩინელი ტურისტები საკმაოდ მაღალმხარჯველუნარიანები არიან, ამიტომ ფრენების შეჩერება ქართული ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება.

“ჩვენ პირადად ჩინეთთან პასიურად ვმუშაობთ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს კავშირი ბევრ გიდთან, ბევრ ტურისტულ კომპანიასთან, მათგან ვიცი, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის ტურები გაუქმდა. ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება და ბაზარი იგრძნობს ამას, თუ ვირუსის ეპიდემიის საფრთხე არ შემცირდა”, - აცხადებს “ტრეფიკ ტრეველის” მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე.

თუმცა, მისი თქმითაც, ირანის შემთხვევაში ეკონომიკაზე დარტყმა ნაკლებად იქნება, რადგანაც ირანიდან საქართველოში ჩამოსული პირები, არა - ტურისტები, არამედ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობით დაკავებული ადამიანები არიან.

“არ მგონია, რომ ეს ბაზარს ძალიან დაეტყოს”,- ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

კორონავირუსთან დაკავშირებით ტურისტული სექტორი შესაბამის უწყებებთან შეხვედრას დროულად ითხოვს.

ირანელი და ჩინელი ტურისტებიც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანები არიან. მათი საშუალო დანახარჯი ვიზიტზე 2300 ლარს აღწევს.



ფაქტია, კორონავირუსის გამო მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა არ ზარალდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია(IATA) აცხადებს, რომ მხოლოდ ავიასანქციების შედეგად ავიაციის ინდუსტრია 30 მილიარდამდე დოლარს დაკარგავს მსოფლიო მასშტაბით და ეს ყველაფერი არ არის. ჯერ არავის დაუთვლია, რას დაკარგავს გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ვირუსის გამო, რომელიც ჩინეთიდან დაიწყო და უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა.ვირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა კი, 2600-ს გადააჭარბა.