მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავლაბრის მეტროს ინტერიერ-ექსტერიერის პროექტირებაზე მერია გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს

62134510c8182
ანუკა ჯოხაძე
21.02.22 21:40
945
შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართა. საუბარია მეტროსადგურ “ავლაბარის” ზედა ვესტიბიულის ინტერიერ-ექსტერიერის, სამანქანო დარბაზის და საინჟინრო სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 159 900 ლარია. კონტრაქტორმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

სატრანსპორტო კომპანიის დასაბუთებაში წერია, რომ მეტროსადგურ “ავლაბარის” კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ პროექტზე პასუხისმგებელი “სს კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა” იყო, თუმცა კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამო მეტროსადგურ “ავლაბარის” ზედა ვესტიბიულის სამუშაოები ამ დრომდე არ არის ბოლომდე მიყვანილი.

ამასთან, სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, სამუშაოების პროცესში გამოვლენილი იყო ისეთი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რომელიც მანამდე არსებული საპროექტო დოკუმენტაციით არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

მათი ინფორმაციით, ბოლო ტენდერი 2020 წლის 17 ივლისს დასრულდა და შპს “ვეგა+”-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტი უნდა მოემზადებინა, თუმცა 2021 წლის 10 სექტემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა, კომპანიამ კი სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იქ არსებული მოედნის რეკონსტრუქცია/განახლებასაც გულისხმობს. მათი ცნობით, ახალი არქიტექტურული კონცეფციით იცვლება მოედნის არქიტექტურა, რაც მოედნის მიმდებარედ არსებული მეტროსადგურის ექსტერიერის შეცვლასაც გულისხმობს.