მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალია პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში რეცესიაშია

5f4f63a0e04ae
ნათია თაქთაქიშვილი
02.09.20 20:30
1213
კორონავირუსის პანდემიამ ავსტრალიის ეკონომიკა პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში რეცესიაში ჩააგდო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ავსტრალიის სტატისტიკის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ქვეყნის მშპ 7%-ით შემცირდა მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით. ასეთი დიდი შემცირება 1959 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, ამასთან, ავსტრალიის ეკონომიკა აღმავალ ტენდენციას 29 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

აღსანიშნავია, რომ Refinitiv-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ავსტრალიის მშპ 5.9%-ით უნდა შემცირებულიყო. ქვეყნის მთავრობა ეკონომიკის მაღალ ვარდნას პანდემიისგან გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირებს და ასევე ტურიზმის შემცირებულ სტატისტიკას.

მეორე კვარტალში, სასტუმროების და რესტორნების დახურვამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. აღნიშნულ კვარტალში 12%-ზე მეტით შემცირდა შინამეურნეობების მოხმარება.

”ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ავსტრალიის მოსახლეობას დარტყმა არ მიეღო Covid-19-სგან. მთავრობის პრიორიტეტად რჩება უსაფრთხოება და მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენი მიზანია ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემას ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადოდ გაუმკლავდეს პანდემიას“, – განაცხადა ხაზინადარმა ჯოშ ფრიდენბერგმა კანბერაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

როგორც გამოცემა წერს, პანდემიამ დაარტყა ისეთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც, როგორიც არის კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.