მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიაში ზამთრის ტურისტული სეზონის ვარდნას ვარაუდობენ

5fb54ff748fb3
მარიამ ადამია
18.11.20 22:15
990
Euronews-ის ცნობით, ავსტრიის მთის კურორტებზე, განსაკუთრებით ტიროლში, ზამთრის ტურისტული სეზონი და სასრიალო ტრასები ოქტომბერში გაიხსნა, თუმცა მალევე მისი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან ეპიდ-სიტუაციის გაუარესების ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 3 ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე კარანტინი გამოცხადდა. ასე ებრძვის ავსტრია კორონავირუსის მეორე ტალღას, თუმცა მეორე მხრივ საფრთხეს უქმნის ზამთრის კურორტებს და ადამიანები ისევ უსამსახუროდ, შემოსავლის გარეშე რჩებიან.

ასევე ჯერ კიდევ აქტუალურია იშგლის სკანდალი, რომლის თანახმადაც, კორონავირუსი ევროპაში, სწორედ ამ კურორტიდან გავრცელდა. შვეიცარიის საზღვართან ახლოს, ზღვის დონიდან 1377 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი იშგლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. “ალპების იბიცა”-დ წოდებულ 1600-მდე მაცხოვრებლიანი სოფლის გარშემო არსებულ 52 კმ საერთო სიგრძის სათხილამურო ტრასებზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩადიან, თუმცა მას შემდეგ, რაც ის კორონავირუსის გავრცელების კერად დასახელდა, რეპუტაციაც შეელახა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ეკონომიკას მძიმე პერიოდი აქვს გადასალახი და დასაძლევი. დღესდღეობით სათხილამურო ტრასებზე მხოლოდ სპორტსმენები სრიალებენ, დამსვენებლები და უცხოელები კი ძალიან ცოტაა.

თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მთის კურორტები ავსტრიაში მილიარდობით დოლარის შემოსავალს აგენერირებს წლიურად და ყოველი მეოთხე დასაქმებული ტურისტთან არის კავშირში, ფაქტია, რომ წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონის მსგავსად, ზამთარიც ჩავარდნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ქვეყნის მშპ 1,5%-ით შემცირდება.

გარდა ამისა, სათხილამურო ფედერაციამ და ზოგადად კერძო სექტორმა, უამრავი თანხა ჩადო სერვისის, ახალი ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა თუ საჭირო ნივთების შეძენა/გაუმჯობესებაში. ადამიანები ემზადებოდნენ ახალი სეზონისთვის, რომ სრიალის მოყვარულებს საშუალება ჰქონოდათ ახალ რეალობაში, უსაფრთხოების ზომების დაცვით სიამოვნება მიიღონ და დაისვენონ, თუმცა ეს ძალისხმევა მათ წყალში ჩაეყარათ, რადგან კურორტს დამსვენებელი არ ჰყავს და ახლა საერთოდ კარანტინი გამოცხადდა.