10.სექტემბერი .2019 12:19

ავთანდილ წერეთელმა 0,5 მილიონიანი გირაო გადაიხადა

views 417
უკან

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული 0,5 მილიონი ლარის გირაო გადაიხადა.

როგორც ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა bm.ge-ის განუცხადა, გირაოს უზრუნველყოფა ავთანდილ წერეთლის ოჯახის წევრის, კერძოდ, შვილის უძრავი ქონებით მოხდა, ოღონდ ეს არ არის tv “პირველის” ქონება.

ავთანდილ წერეთელს პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ხაზრაძე-ჯაფარიძისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
როგორც ბიზნესმენის ადვოკატი ამბობს, მათ მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივარი წარმოებაში არც კი მიიღო.

ადვოკატის თქმით, მათ განუცხადეს, რომ განხილვის პარამეტრებსაც არ აკმაყოფილებდა მათი საჩივარი.

როგორც გვახსოვს, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა.

კითხვაზე, რატომ შეცვალა ბიზნესმენმა გადაწყვეტილება, ადვოკატი აცხადებს, რომ ავთანდილ წერეთელს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და მას არც გირაოს თანხა გადაუხდია.

„ეს გააკეთა მისმა ოჯახის წევრმა, რისი უფლებაც ჰქონდა“, - აცხადებს კახა წერეთელი.

მისი თქმით, ავთანდილ წერეთლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

„შემდეგ ველოდებით არსებითი განხილვის დაწყებას. მჯერა, რომ დავამტკიცებთ ავთანდილ წერეთლის უდანაშაულობას სასამართლოში“, - აცხადებს ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა