მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოექსპორტი ყირგიზეთში? - ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტის ბუმი უღარიბეს ქვეყანაში

648337adc9e83
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.23 00:05
4479
2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 595 მილიონი დოლარის ღირებულების 33 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო. ავტოექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთის სანქციებს უკავშირდება, რადგანაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მეორადი მანქანების აქტიურად შეძენა რუსეთის გვერდის ავლით დაიწყეს. თუმცა, გამოიკვეთა ერთი გარემოება - ყირგიზეთში, რომლის მშპ-იც ერთ მოსახლეზე მხოლოდ 1,100 დოლარია, გაზრდილია განსაკუთრებულად ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტი.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ყირგიზეთში მხოლოდ 5.9 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, თანაც მაშინ ერთი ავტომობოლის საშუალო ფასი 5.6 ათასი დოლარი იყო. წელს კი ყირგიზეთში ავტოექსპორტმა უკვე 127.5 მილიონ დოლარს მიაღწია (22-ჯერ არის გაზრდილი), ხოლო ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 39 ათასი დოლარი გახდა (7-ჯერ არის გაზრდილი).

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის მიხედვით, აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში 50,000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტირება. ყირგიზეთში ექსპორტის მაღალი საშუალო ფასი მეტყველებს იმაზე, რომ ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლოსაა ან აჭარბებს ამ ზღვარს. უცნობია შემდგომში ხვდება თუ არა ამ ავტომობილების ნაწილი რუსეთის ფედერაციის ბაზარზე, თუმცა ფაქტია, რომ ავტოექსპორტის სტატისტიკაში საშუალო ფასის და ექსპორტის მოცულობის ყველაზე მკვეთრი ზრდა სწორედ ყირგიზეთის მიმართულებით ფიქსირდება.

ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:

1. აზერბაიჯანი - $150 მილიონი, 11,663 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $13 ათასი;
2. ყაზახეთი - $136 მილიონი, 7,719 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი;
3. ყირგიზეთი - $127 მილიონი, 3,283 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $39 ათასი;
4. სომხეთი - $113 მილიონი, 6,339 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი;
5. რუსეთი - $31 მილიონი, 2,150 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი;
6. ტაჯიკეთი - $10 მილიონი, 990 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $10 ათასი;
7. ბელგია - $9 მილიონი, 185 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $50 ათასი;
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $5 მილიონი, 69 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $80 ათასი;
9. უკრაინა - $4 მილიონი, 244 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $16 ათასი;
10. თურქეთი - $2 მილიონი, 124 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $19 ათასი.



თუკი ექსპორტის ზრდა ამ ტემპით შენარჩუნდება, მაშინ წელს საქართველოს ავტოექსპორტი რეკორდულ 1.6-1.8 მილიარდ დოლარს მიაღწევს.