მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავტომობილების პარკირება ქუჩის მიღმა არსებულ თავისუფალ სივრცეებშიც უნდა იყოს შესაძლებელი” - ექსპერტი

624ea6e843d64
ანუკა ჯოხაძე
07.04.22 23:00
1293

2018 წლის მონაცემებით დედაქალაქში 32 257 საპარკინგე ადგილი იყო, დღეს კი თბილისში თითქმის 3000 ერთეულით ნაკლები საპარკინგე ადგილია მონიშნული.

გელა კვაშილავა ამბობს, რომ დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა ამ კუთხით მისი თქმით, პროცესები უნდა გაგრძელდეს.

გარდა ამისა, კვაშილავა ამბობს, რომ დედაქალაქში ქუჩის გარეთ პარკირებაც უნდა ამოქმდედდეს, რომელიც შვებას განსაკუთრებით ბიზნესებს მისცემს და დამატებით შემოსავალს ამ ტერიტორიების მფლობელებსაც გაუჩენს.

“დღეს მერიამ ქუჩის გარეთ პარკირების განვითარებაზე უნდა იფიქროს. ვგულისხმობ, იგივე ეზოებს, ასევე არის ბევრი ცარიელი ადგილი, სადაც ადამიანები მოახერხებენ არამარტო ქუჩებში დააპარკინგონ ავტომობილები, არამედ ქუჩის გარეთ არსებულ სივრცეებშიც. ამისთვის რაღაც პროგრამები უნდა შეიქმნას.

მაგალითად რუსთავში, მაცხოვრებლებმა ავტოფარეხები აიღეს. ტერიტორიის ნაწილს თვითონ უფასოდ იყენებენ, ხოლო ის, ვინც კორპუსის მაცხოვრებელი არ არის ავტომობილის გაჩერების სურვილი აქვს გარკვეულ თანხას იხდის. კიდევ არსებობს დასადგმელი, რამდენიმესართულიანი პარკინგებიც. ამ მიმართულებით მერიის მხრიდან ხელშეწყობა უნდა იყოს. მაგალითად, ქუჩის გარეთ პარკირებაზე განსხვავებული სააბონენტო გადასახადი უნდა იყოს. არსებობს სივრცეები, რომლის ათვისებაც შესაძლებელია", - აცხადებს გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა. 

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაწყვიტა, მას შემდეგ კი დედაქალაქში პარკირების საკითხებს კომპანია "თბილისი პარკინგი" კურირებს.