მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების რეექსპორტი განახევრდა - ბიზნესი ბაზრის შემცირების მიზეზებს განმარტავს

600839651ea34
ელენე გოგბერაშვილი
20.01.21 19:15
3016

მსუბუქი ავტომობილები ერთ-ერთია იმ 10 უმსხვილესი საქონლიდან, რომლის ექსპორტ/იმპორტი 2020 წელს შემცირდა. საქსტატის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი თითქმის განახევრებულია. ვარდნა $329 მილიონ დოლარს აღწევს; ეს კი 2019 წელთან შედარებით თითქმის 45%-იანი კლებაა. შემცირებულია იმპორტიც. 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის თანხობრივად ყველაზე დიდი კლება სწორედ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით გვაქვს, სადაც შემცირება $348 მილიონს აღემატება, ეს პროცენტულად 2019 წელთან შედარებით 31,4%-ით კლებას ნიშნავს.

როგორც ავტოიმპორტიორები bm.ge-ისთან ამბობენ, ექსპორტ-იმპორტში შემცირება მხოლოდ პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას არ უკავშირდება. კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო სომხეთის ბაზრის ჩაკეტვა, რადგან 2020 წლიდან სომხეთმა ისე გაზარდა საბაჟო ტარიფები, რომ მათ საქართველოდან ავტომობილების გაყვანა აღარ უღირთ. სომხეთს კი, საერთო გაყიდვებში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ეკავა.

„2019 წელს სომხეთის საბაჟომ თავის მოქალაქეებს მისცა ერთწლიანი ფანჯარა, როცა განბაჟება გაცილებით იაფი ჯდებოდა 2019 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათ ინტენსიურად დაიწყეს ავტომობილების გაყვანა საქართველოდან. თან, როცა ძალიან მოკლე ვადა მისცეს ამ საქმიანობისთვის, ინტენსიურად და მაქსიმალურად მეტი ავტომობილების ექსპორტი უნდა მოესწროთ. 2020 წელს, რადგან ეს შეღავათი აღარ არის, სომხეთის ბაზარი თითქმის დაიკეტა საქართველოსთვის. 45%-იანი ვარდნა ექსპორტში პირდაპირ არ შეიძლება დავაბრალოთ მხოლოდ პანდემიას; რომ გავითვალისწინოთ სომხეთის ფაქტორი, ვარდნა 10-15%-იანი იქნება. მართალია, საზღვრები დაკეტილია და ავტოდილერები ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, თუმცა ბაზარი გადაეწყო დისტანციურ რეჟიმზე. ამდენად, იმის თქმა, რომ 2020 წელი იყო კრიზისული პერიოდი ავტოინდუსტრიაში და ბაზარი გაჩერებულია, სწორი არ იქნება. ბალანსი შენარჩუნებულია და დღეს გაყიდვები საკმაოდ კარგია. ვფიქრობთ, 1 თებერვლიდან გაიხსნება ავტობაზარი და ისევ დაუბრუნდება გაყიდვები ჩვეულ რეჟიმს“, - აცხადებს ალექსანდრე ვეკუა, „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორი.

მისი თქმით, სომხეთის ბაზრის სრული ჩანაცვლება შეიძლება ვერ მოხერხდეს, თუმცა აზერბაიჯანის და უკრაინის შემდეგ, ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რაც ბიზნესს ოპტიმისტურ მოლოდინს უჩენს.

„საქართველო კვლავ ინარჩუნებს ჰაბის ფუნქციას, რეგიონში ისევ გამტარი ქვეყანა ვართ. აზერბაიჯანი და უკრაინა ისევ რჩებიან და აკეთებენ შესყიდვებს; ამასთან, დაემატა ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, სტატისტიკაშია ერაყი, პოლონეთშიც ხდება ექსპორტი. ეს ახალი ბაზრებია, ამიტომ მათი დამატება ოპტიმისტური მოლოდონების საფუძველს აჩენს. ვფიქრობთ, 2021 წელი გაცილებით პროდუქტიული იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ“, - აცხადებს ვეკუა.

რაც შეეხება ავტომობილებზე არსებულ ფასებს, კომპანია „გლობალ ავტო იმპორტის“ ხელმძღვანელი ვანო ბიჩინაშვილი მბობს, რომ აშშ-ის ბაზარზე აუქციონებზე პანდემიის გამო ძალიან ცოტა ავტომობილი გამოჰყავთ, შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც.

რაც შეეხება აზიიიდან ავტომობილების იმპორტს, კომპანია „ჯეიფაისის“ ხელმძღვანელი ზვიად ზიზიაშვილი აცხადებს, რომ ამ ბაზარზე ზრდა ძირითადად ტრანსპორტირების ნაწილში ფიქსირსდება, რაც ერთ ავტომობილს, დაახლოებით, 500 დოლარით აძვირებს.