09.დეკემბერი .2021 16:00

ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლი 2022 წლიდან აღარ გამკაცრდება - დადგენილება

ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლი 2022 წლიდან აღარ გამკაცრდება - დადგენილება
views 1812
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილების ამოქმედება გადავადდა.

საქმე ეხება ნორმას, რომელიც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. კერძოდ, სწორედ ამ დროიდან ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა, რაც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს, უნდა გამხდარიყო 0.5% და 0.3%.

საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა დადგენილება, რომელიც ცვლილებების შესახებ იტყობინება.

ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმიტომ მიიღო, რომ ახალი რეგულაციის პირობებში ავტომობილების დიდი ნაწილი ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიდა.

„CO-ს დასაშვები ნორმა უნდა ჩამოსულიყო 0.5%-მდე, 2022 წლიდან, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და ფორმულირება ასეთია: 2022 წელს CO-ს დასაშვები ნორმა კვლავ 0.6% იქნება, 2023 წელს 0.55%, 2024 წელს 0.5%, ხოლო 2025 წელს - 0.3%.

რეალურად, გამონაბოლქვის ნორმის გამკაცრება საკმაოდ ბევრ ავტომობილს დაახარვეზებდა, ვერ გაივლიდნენ ტექინსპექტირებას. არსებული მონაცემებით, ავტომობოლების 50% ვერ გაივლიდა ტექინსპექტირებას და ალბათ შეღავათი გაუწიეს მძღოლებს, რომ დამატებით მოემზადონ“, - განაცხადა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ კატალიზატორ-გარდამქმნელის მოთხოვნა ავტომობილებისთვის აუცილებლად გახდება საჭირო თუნდაც იმის გამო, რომ ამას ევროკავშირი გვავალდებულებს.

აქვე აღსანიშნია, რომ კატალიზატორ-გარდამქმნელი ჯერჯერობით არ მოეთხოვებათ საქართველოში არსებულ ავტომობილებს, თუმცა ახალი იმპორტირებულებისთვის მათი ფლობა აუცილებელი იქნება.

იორდანიშვილის განმარტებით, გადავადდა ასევე ცეცხლმაქრი და სააფთიაქო ყუთის ქონის ვალდებულება ავტომანქანაში და ხმაურზე შემოწმების საკითხი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა