მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილის ნაწილის გამოცვლას, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ - ბითაძე

63da7f13c39f4
ანუკა ჯოხაძე
02.02.23 10:58
596
ტექინსპექტირების რეფორმის აღსრულების პრობლემზე კერძო სექტორი წლებია საუბრობს. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა მაინც დაბალია. ერთ-ერთ პრობლემად ბიზნესი ჭკვიანი კამერების გაუმართაობას ასახელებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ამბობს, რომ ჭკვიანი კამერებით ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილების ჯარიმების რაოდენობა გაიზრდილია. თუმცა მიუხედავად ამისა, ბითაძე რეფორმის ტემპით კმაყოფილი მაინც არ არის.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ტექინსპეტირების გაუვლელობის შემთხვევაში განმეორებითი ჯარიმების ზრდაზე მუშაობს. მაია ბითაძე ამბობს, რომ კანონპროექტის მოსმენები პარლამენტში უკვე დაწყებულია. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში კანონის მიღება მოხდება, რასაც დადებითი ეფექტი ექნება თავად რეფორმაზე.

“მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი კამერებით დაჯარიმებული ავტომობილების რაოდენობა გასამმაგებულია, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა. სწორედ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ადამიანს ურჩევნია ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარი გადაიხადოს ვიდრე ავტომობილის ნაწილი გამოცვალოს. ამიტომ შემოგვაქვს მზარდი საჯარიმო სისტემა, კანონპროექტი ჩვენი კომიტეტის ინიციატივით წარედგინა საქართველოს პარლამენტს და იქნება ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი”, - ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება.

ცვლილება ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მაია ბითაძე გასულ წელს BM.GE-თან აცხადებდა, რომ ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რომელიც ახლა მოქმედებს უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, სანქცია 150-დან 700 ლარამდე დაწესდება.