მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტორიტარულ ქვეყნებზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - EPRC-ის კვლევა

6475da9e247d6
გიგა ბენია
30.05.23 15:09
630
დემოკრატიულ ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა შემცირდა, ხოლო ავტორიტარულ რეჟიმებზე - გაიზარდა. ამის შესახებ კვლევა "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა" მოამზადა. კერძოდ, კვლევის მიხედვით, თუ 2007 წელს საქართველო აღნიშნულ ქვეყნებზე 11%-ით იყო დამოკიდებული, 2022 წელს მაჩვენებელი 30.9% გახდა.

„აღნიშნული ცვლილება განპირობებულია როგორც საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების მიერ დემოკრატიის სტატუსის ცვლილებით (რუსეთი 2011 წელს ჰიბრიდული ქვეყნების ჯგუფიდან ავტორიტარული რეჟიმის ჯგუფში გადავიდა), ასევე ქვეყნის ვაჭრობის გეოგრაფიის ცვლილებით, ავტორიტარული ქვეყნების სასარგებლოდ", - აცხადებენ კვლევის ავტორები.

ცნობისთვის, კვლევის "საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი" ავტორებმა ეკონომიკური დამოკიდებულების განსასაზღვრად The Economist Intelligence Unit-ის „დემოკრატიის ინდექსის" მეთოდოლოგია გამოიყენეს. მეთოდოლოგიის მიხედვით, ქვეყნები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი: „ავტორიტარული", „ჰიბრიდული რეჟიმი", „არასრული დემოკრატია" და „სრული დემოკრატია".

კვლევაში ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი 2022 წელს სრული და არასრული დემოკრატიის ქვეყნებისკენაა გადახრილი - 56.9%-ით (სრულ დემოკრატიაზე დამოკიდებულება 30.8%-ია, არასრულზე კი - 26.1%). კვლევის ავტორების განცხადებით, მთავარი განმსაზღვრელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საგარეო ვალისა და ფულადი გზავნილების ინდიკატორებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება დემოკრატიულ ქვეყნებზე 6.8%-ით, 63.7%-დან 56.9%-მდე შემცირდა. ცვლილება, ძირითადად, საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიის ცვლილების, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის წილის ზრდისა და გზავნილების ინდიკატორში რუსეთის წილის ზრდას უკავშირდება.

EPRC-ის ანგარიშის თანახმად, 2007 წლიდან ავტორიტარული და ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების წილი განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში გაიზარდა. საქართველოში იმპორტირებული და ექსპორტირებული პროდუქციის უმეტესობა რუსეთზე, აზერბაიჯანზე, ჩინეთზე (ავტორიტარული ქვეყნები), თურქეთსა და სომხეთზე (ჰიბრიდული ქვეყნები) მოდის. კერძოდ, 2022 წელს ექსპორტირებული პროდუქციის 72% ისეთ ქვეყნებში გავიდა, სადაც პოლიტიკური მოწყობა ავტორიტარული ან ჰიბრიდულია. იმპორტირებული პროდუქციის 60% ამ ქვეყნებიდან შემოვიდა.

„უნდა შევძლოთ ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რაც ბაზრებს მაქსიმალურად დივერსიფიცირებულს გახდის. ევროკავშირის დამოკიდებულება საგარეო ვაჭრობის მხრივ მცირდება, თუმცა მას კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი უჭირავს. რუსეთთან მიმართებით მზარდია, თუმცა ჯამურად 14%-ზე მეტი არ არის. კერძო სექტორმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს ევროპულ ბაზარზე, მთავრობამ კი 12 პუნქტის შესრულებაზე იზრუნოს, რომელიც თავის მხრივ, ნიშნავს მეტ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს ევროკავშირის ქვეყნებთან",- აცხადებს EPRC-ის დირექტორის მოადგილე, ირინა გურული.

ეკონომიკური დამოკიდებულების გასაზომად ორგანიზაციამ პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის რამდენიმე ინდიკატორი გამოიყენა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; საქონლის ექსპორტი; საქონლის იმპორტი; საგარეო ვალი; ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები.