მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალ სანებართვო პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს

63e3ae90c4071
მარიამ დემეტრაშვილი
10.02.23 10:36
2715
პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სავარაუდოდ, ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებაზე იმსჯელებს. როგორც პარლამენტისთვის მთავრობის მხრიდან წარდგენილ სამუშაო გეგმაში წერია, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტს მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს.

ამასთან, კანონპროექტით მოხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად, სანებართვო საქმიანობის სახეები კი შემდეგნაირად განისაზღვრება - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.

სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დადგინდება სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები, როგორც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ისე საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის შემთხვევაში.

„დღეს არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის - სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასეთივე, უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გააუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.

მნიშვნელოვნად გაიზრდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც იძენენ რესურსამოწურულ, იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს და იწყებენ მგზავრთა გადაყვანას“, - ნათქვამია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.