მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სან დიეგოში ამერიკულ კომპანიებთან შეხვედრები გამართა

6461e4645aa90
BM.GE
15.05.23 13:15
478
საქართველოში, აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში მსხვილ ამერიკულ ბიზნეს კორპორაციებთან შეხვედრები გამართეს.

სან დიეგოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საპატიო კონსული სან დიეგოში მელორ წიფურია. შეხვედრები კალიფორნიაში საქართველოს გენერალური კონსულის ლევან ბერიძის ჩართულობით შედგა.

მრგვალი მაგიდის მთავარი მიზანი ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ისეთი კონკურენტული პირობების გაცნობა იყო, როგორიცაა კვალიფიციური კადრები, საგადასახადო შეღავათები, BPO სექტორის განვითარება და სხვა.

შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, „აწარმოე საქართველოში“ უცხოური კომპანიებისთვის არსებული პროგრამები, ეკონომიკური მიღწევები და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით არსებული შესაძლებლობები გააცნო.

მიხეილ ხიდურელის თქმით, საქართველოში აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სააგენტო ინტენსიურად მუშაობს და Invest in Georgia-ს ჩართულობით, ამჯერად საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ინდუსტრიული წარმოების, უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სექტორის ისეთ წამყვან ამერიკულ კომპანიებთან, როგორებიცაა Dalrada Financial Corporation, Chart Industries, Mintz Company და სხვა.

„უკვე წლებია, ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს უცხოურ კომპანიებთან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი მოვიზიდოთ ინვესტიციები ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც მაღალანაზღაურებად სამუშაოებს ქმნიან. ამჯერად, სან დიეგოში შევხვდით მსხვილ ამერიკულ კორპორაციებს, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დავაინტერესეთ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

(NS)