მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ რეგიონებში ბიზნეს ჰაბებს ხსნის - რაში დაეხმარება ახალი პროექტი SME-ს?

62bdb414e73aa
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.22 18:46
1293
„აწარმოე საქართველო“ UNDP-ის და USAID-ის მხარდაჭერით, რეგიონებში ბიზნეს ჰაბების კონცეფციის განვითარებას იწყებს, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესების პროექტების მხარდაჭერას და სხვადასხვა მიმართულებით დატრენინგებას გულისხმობს. ამის შესახებ სააგენტოს ახალ პროგრამაზე, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მიხეილ ხიდურელმა პროგრამის დეტალებსა და აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ ეტაპზე სამი რეგიონი შეირჩევა, სადაც საპილოტე ფიზიკური სივრცეები მოეწყობა.

„ბიზნესის წარმოებისას გამოწვევად სამუშაო ძალა და კვალიფიკაცია რჩება. სწორედ ამიტომ ჩვენ UNDP-ის მხარდაჭერით ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების კონცეფციას, რომლის ფარგლებში სამ რეგიონში საპილოტედ გვექნება ფიზიკური სივრცე, სადაც მარკეტინგის, ასევე ფინანსების და ზოგადი მენეჯმენტის ექსპერტები ამ რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესებს, როგორც ჩვენს ბენეფიციარებს, ასევე სხვა ბიზნესებს დაეხმარებიან და დაატრენინგებენ ბაზისური უნარებიდან დაწყებული, კომპლექსური თემებით დამთავრებული: როგორიცაა მაგალითად საოჯახო სასტუმროებისთვის Booking.com-სა და სხვადასხვა პლატფორმებზე რეგისტრაციის გავლა, ასევე ბევრად კომპლექსური ბიზნეს გეგმის შედგენა, ფინანსური ანალიზი გაკეთება და პროდუქტსა და სერვისზე განფასების გაკეთება და ა.შ. ამიტომ ჩვენ რეგიონებში არამარტო პროგრამებით, არამედ პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერის მხრივაც ვფართოვდებით“, - განაცხადა ხიდურელმა.

სააგენტოს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია - რომელ რეგიონებში მოქმედი ბიზნესები მიიღებენ ამ შესაძლებლობას პირველები და რა მოცულობის თანხა მიიმართება პროგრამის შესრულებისთვის - ეს კითხვები BM.GE-მ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილეს ირაკლი გაბრიაძეს დაუსვა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს UNDP-ის მხარდაჭერით საპილოტე ბიზნეს ჰაბები სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 2022 წლის ბოლომდე გაიხსნება, ხოლო 2023 წლისთვის პროგრამა ქვეყნის ათივე რეგიონს მოიცავს.

„ამ ეტაპისთვის ბიზნეს ცენტრების კონცეფციები უკვე შემუშავებულია სამეგრელოს და იმერეთის რეგიონისთვის. მუშაობა მიმდინარეობს კახეთის რეგიონისთვის. მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ამისთვის დაახლოებით 5 მლნ ევრომდე გვაქვს, რომლის ათვისება 4 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. დამატებითი სახსრების აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსურის რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

რეგიონში გახსნილ ბიზნეს ჰაბებში, იგივე ზრდის ცენტრებში თანამშრომლების მოვალეობა  იქნება მოქალაქეების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და დიაგნოსტირება. ზრდის ცენტრების თანამშრომლები მათ სერვისს არ მიაწვდიან - სერვისს მათ სხვა კერძო სექტორის წარმომადგენელი მიაწვდის: ანუ ჩვენ დავიქირავებთ კომპანიებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით და აწვდიან სერვისებს და მათთან მცირე და საშუალო კომპანიებს დავაკავშირებთ. ჩვენ ვიქნებით შუამავალი რგოლი, რომელიც დააფინანსებს ამ ტრანზაქციას, ეს შეიძლება იყოს 90% სააგენტოს დაფინანსება, ხოლო 10% თანამონაწილეობა.

ჩვენს მიერ ჩატარებული საჭიროებების კვლევის მიხედვით, რომელიც ასევე რეგიონებში ადგილობრივი სერვისის მიმწოდებელი კომპანიების აღმოჩენას ითვალისწინებდა. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ, რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს ამ კონკრეტულ რეგიონებში და არიან თუ არა მათთვის საჭირო სერვისების მიმწოდებელი კომპანიები ადგილზე. ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესი მიიღებს იმ მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება, მეორე მხრივ განვითარდება ადგილობრივი სერვისის მიწოდება, რადგან გაუჩნდება დამატებითი კლიენტი და დამატებითი შემოსავალი.

იდეალურ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ამ ტრანზაქციებიდან გამოსვლა და მხარეების ურთიერთობის დამოუკიდებელი განვითარებაა“, - განმარტა ირაკლი გაბრიაძემ.