მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აწარმოებენ თუ არა კომპანიები ტაბელის ცხრილს - რა პრობლემები აქვს ბიზნესს?

611d3d174ca0a
თათია ჩაფიჩაძე
19.08.21 09:00
2100
1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება, თუმცა კანონის ამოქმედებიდან მეექვსე თვეს მისი დანერგვა კომპანიების ნაწილმა ჯერ ისევ ვერ შეძლო.

როგორც “დამსაქმებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ bm.ge-თან საუბარში აღნიშნა, პროცესის აწყობა ამ ეტაპზე განსაკუთრებით დისტანციურ რეჟიმზე მყოფ კომპანიებს უჭირთ.

„ბევრი კომპანია აკეთებს დღეს უკვე მსგავს აღრიცხვას, თუმცა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, რთულად არის საქმე, გამომდინარე იქიდან რომ თანამშრომლის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ჩვენს წევრ კომპანიებში ამჟამადაც მიდის გარკვეული დაზუსტებები, გარკვეული კითხვები კიდევ რჩება და ამიტომ ამ მიმართულბით ვაპირებთ გაიდლაინების გამოშვებას. ცხადია, ახლაც არიან კომპანიები რომლებიც ჯერ ვერ ამუშავებენ ტაბელს, თუმცა ზუსტი სტატისტიკა წევრების - რა რაოდენობის კომპანიაში გაიმართა ეს სისტემა, არ გვაქვს. ნაწილს ეს ისედაც ჰქონდა და მათ გამართვა ნაკლებად გაუჭირდათ, ხოლო იმ სექტორებში, სადაც ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ, უფრო რთულად არის საქმე.

კომპანიას, რომელსაც ბევრი თანამშრომელი ჰყავს, მათთვის ხელმოწერის პროცედურაც რთულია, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაცია გამართული აქვთ. მეილზე გადაგზავნაც ვერ ხდება იმის გამო, რომ ზოგი საერთოდ არ იყენებს ელექტრონულ ფოსტას. ბევრმა ტექნიკურ გადაწვეტას მიმართა და ბარათებზე მიაბა, ფინანსების ჩადების შემთხვევაში ცხადია უფრო მარტივად ხდება საკითხის მოგვარება.

მონიტორინგი ხორციელდება, დგინდება ხარვეზები. ამ ეტაპზე ინსპექტირება არ არის ორიენტრიებული დაჯარიმებაზე, ძირითადად ხდება რეკომენდაციების მიცემა შემდგომი გამოსწორებისთვის“ - აცხადებს ლაშა ლაბაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შრომის ინსპექციამ ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოებაზე 87 კომპანია შეამოწმა, საიდანაც 39 ამ ცხრილს საერთოდ არ აწარმოებდა.