მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ „წერტილოვან შეზღუდვებზე“ მთავრობა, სავარუდოდ, 2 დღეში ჩამოყალიბდება

5fbcf02fee131
თელარა გელანტია
24.11.20 15:32
2324
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 111 818 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 92 215 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1051 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევების მაღალი ტემპით ზრდა სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

შესაბამისად, რამდენიმე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო მორიგ „ლოქდაუნზე“, თუმცა მთავრობა ირწმუნება, რომ სრული ჩაკეტვა არ იგეგმება, მაგრამ იქნება „წერტილოვანი“ შეზღუდვები.

სწორედ, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკოორდინაციო საბჭოს უკვე წარდგენილი აქვს შეზღუდვების ახალი ინიციატივები და უახლოეს ორ დღეში შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. „შევედით პიკში... თუ შეზღუდვები არ გამკაცრდება, ის დიდხანს გაგრძელდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

„წერტილოვან შეზრუდვებს“ შორის შესაძლოა მოხვდეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება. ეს დღეს არც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გამორიცხა. „მობილობის შემცირებისთვის შეიძლება დაწესდეს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, ასევე, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეებისთვის გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ან მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშიც წერია, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე მსჯელობა, ბიზნესსექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. 

“მთავრობის მიზანია, ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით”, - აღნიშნულია გავრცელებულ რელიზში.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალებში არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომელიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება.

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ეს პირველ რიგში სჭირდება. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ კოვიდ-სასტუმროებში გაძლიერებულია თერაპიული კომპონენტები, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორებით აღჭურვის თვალსაზრისით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე. მსუბუქი შემთხვევები კი მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით განაგრძობენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს დამატებით რეანიმაციული და ინტენსიური საწოლების მობილიზების კუთხით”, - წერია ოფიციალურ რელიზში.

ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რისი კონტროლიც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.