29.მაისი .2020 00:10

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

views 4201
უკან

გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი 178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან:

ლარი სიანდონ ჩენი
ქონება: $4.5 მილიარდი
ქვეყანა: ჩინეთი

ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, ეს კომპანია განათლების საკითხებზე მუშაობს და 2019 წლიდან ნიუ–იორკის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. პანდემიის გამო ჩინეთში დისტანციური სწავლების დაწყების შედეგად ამ კომპანიამ უდიდეს წარმატებას მიაღწია, ვინაიდან ის ონლაინ ტუტორიალების პროგრამებს სთავაზობდა მსურველებს. შედეგად GSX Techedu-ს აქციები იანვრიდან დაწყებული მარტისთვის უკვე გაორმაგებული იყო. თავის დამფუძნებლის ქონებაც ბუნებრივია გაიზარდა.

ბიუ რავენდრანი
ქონება: $1.8 მილიარდი
ქვეყანა: ინდოეთი

ბიუ რავენდრანი ყოფილი მათემატიკის ტუტორია, მან 2011 წელს დააარსა ონლაინ ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კომპანია BYJU’S-ი. კორონავირუსის კრიზისის გამო კი ამ კომპანიამ დიდი სარგებელი ნახა. მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო მათი ტუტორიალების და ონლაინ ტესტების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ინვესტორებს შორის არიან მარკ ცუკერბერგი და Tencent-ი.

ერიკ იუანი
ქონება: $5.5 მილიარდი
ქვეყანა: აშშ

ერიკ იუანი ვიდეო კონფერენციების პლატფორმა Zoom-ის დამფუძნებელია. ეს კომპანია 2019 წლის აპრილში გამოჩნდა, დღეს კი ის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პლატფორმაა სახლში დარჩენილებისთვის. Zoom-ის აქციები 3 იანვრიდან 18 მარტამდე გაორმაგდა. თავად იუანი კომპანიის აქციების 46%-ს ფლობს.

ჯითს გრინი
ქონება: $1.2 მილიარდი
ქვეყანა: ნიდერლანდები

ჯითს გრინი Takeaway.Com-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული კომპანია ნიდერლანდებშია ბაზირებული და ევროპის 10 ქვეყანაში ოპერირებს. ის საკვების მიტანის სერვისს წარმოადგენს. გრინმა კომპანია 2000 წელს სტუდენტობის პერიოდში დააარსა. მიმდინარე წლის იანვარში კი მან ბრიტანული საკვების მიწოდების სერვისი Just Eat $7.7 მილიარდად იყიდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მისი ქონებაც გაიზარდა, მით უმეტეს პანდემიის დროს, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვების მიტანის სერვისით ხშირად სარგებლობს.