მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხის შემთხვევის შემდეგ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის ტემპი შემცირდა - კლინიკები

605b1505395a9
ელენე გოგბერაშვილი
24.03.21 15:00
868
სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ახალციხეში კლინიკა „იმედის“ მედდის ვაქცინაცია ფატალური შედეგით დასრულდა, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.

“ვაქცინაციაზე საკმაოდ აქტიური მომართვიანობა იყო. ბოლო დღეებში, ცნობილი მოვლენების გამო გარკვეულწილად დაიკლო, თუმცა ჩვენგან საკმაოდ დიდი აქტივობაა (მოცვა 40%-ზე ზემოთ). „ასტრაზენეკას“ პირობებში სრულად დავაკმაყოფილეთ ყველა პირობა; ამ ეტაპზე სახელმწიფოს შემოაქვს „ფაიზერი“, შესაბამისად, აქტიურად ჩავერთვებით "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესში“, - აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.

ის, რომ ახალციხის შემთხვევის გამო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის აქტივობა შემცირდა, ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელიც.

„ჩვენმა კლინიკამ დაიწყო პირველივე დღიდან ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა ვაქცინაცია თუ არ ჩავთვლით იმ ცნობილ მოვლენას, რომლის შემდეგ შემცირდა ვაქცინაციის ტემპი, მაგრამ, ჯერჯერობით, ისევ გრძელდება; რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა გამოყოს სპეციალიზებული კლინიკები, ვინც „ფაიზერით“ ვაქცინაციას განახორციელებს და ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას, მომავალი კვირიდან, როცა გვექნება დირექტივა, დავიწყებთ აცრას“, - აცხადებს ლევან გოფოძე.

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოში 29 250 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. იქიდან გამომდინარე, რომ „ფაიზერის“ მოთხოვნები მნიშვნელოვნად განსხვავებულია „ასტრაზენეკას“ ვაქცინისგან, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, იმ კლინიკებს, რომლებიც ვაქცინაციის პროგრამაში არიან ჩართულნი, დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. მაგალითად, იზრდება ვაქცინაციის ცენტრებში სამედიცინო ბრიგადების რაოდენობა ორიდან სამამდე, ასევე იზრდება პაციენტის მოსაცდელ სივრცეში დაყოვენების დრო 30 წუთიდან 45 წუთამდე.

თამარ გაბუნიამ დღეს ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ ხვალიდან ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე სამედიცინო პერსონალს და 65 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიას არჩევანის თავისუფლება ექნება აიცრას „ფაიზერით“ თუ „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინებით, თუმცა მისი თქმით, დოზების სიმცირის გამო არჩევანი გარკვეულწილად შეზღუდული იქნება.