08.ოქტომბერი .2020 22:00

ახალგაზრდა მეღვინის მიერ რაჭული უძველესი ჯიშის ყურძნებისგან დაწურული ღვინო, შესაძლოა, აშშ-შიც გაიყიდოს

views 1843
უკან

რაჭული, უძველესი ჯიშის ყურძნებისგან დაწურული ღვინო, შესაძლოა, ამერიკაში გაიყიდოს. Bm.ge-ს „ხიმშურას“ შესახებ 22 წლის მეწარმე, ნინო გიორგობიანი ესაუბრა, რომელიც თბილისიდან რაჭაში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ საოჯახო მეურნეობას გაძღოლოდა.

როგორც გიორგობიანი ყვება, იმდენად დააინტერესა უნიკალური და ენდემური ყურძნის ჯიშის მოვლამ, რომ წარმოება დაიწყო, რომელსაც უახლოეს მომავალში ჯერ ქართულ მაღაზიებში შეიტანს, ხოლო პანდემიის პრობლემების დაძლევის შემდეგ, ამერიკაშიც გაყიდის. გიორგობიანების ოჯახს სოფელ ხიმში საოჯახო ტიპის სასტუმროც აქვს, რომელიც ძირითადად უცხოელ სტუმრებზეა გათვლილი და იქ მისულ დამსვენებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც „ხიმშურა“, ასევე რაჭული კერძები.

„თავიდან მევენახეობა-მეღვინეობა უბრალოდ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე დავიწყე, გვინდოდა ოჯახისთვის კარგი, ნატურალური ღვინო გვქონოდა და რაც მთავარია გაგვეცოცხლებინა უძველესი ღვინო „ხიმშურა“, რომელიც დღეს უკვე ენდემური ჯიშის ყურძნისგან იწურება. ვხედავდი როგორ მოსწონდათ ჩვენი ღვინო ოჯახის სტუმრებსაც. შემდეგ უცხოელების მხრიდან იმხელა იყო დაინტერესება რომ მათი და ჩემი დაჟინებული თხოვნით, დღეს ამ საქმეს მე და ჩემი ოჯახი ვაკეთებთ და სხვებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. დღეს რაჭაში გამორჩეული ღვინო სწორედ ჩვენთან იწურება და ვაპირებ ტურისტებისთვისაც კიდევ საინტერესო გავხადო ჩვენი სოფელი“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, ამ დრომდე არც ერთი სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია, თუმცა ამჟამად გრანტზე პასუხს ელოდება და ბიზნესის გაფართოებასაც გეგმავს, მათ შორის სასტუმროს „ეთნოსახლად“ ინტეგრირების კუთხით.

„ვაკეთებთ ეთნოსახლის პროექტს, რომელიც იქნება რაჭული სივრცე, სადაც მოსულ სტუმარს საშუალება ექნება დააგემოვნოს რაჭული კერძები და ქართული ღვინო „ხიმშურა“. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი
გესთჰაუსი ძირითადად უცხოელებზეა გათვლილი, სტუმრები არ მიგვიღია. ჩვენს მიზანს წარმოადგენს, უძველესი რაჭული ტრადიციები, საჭმელი, სასმელი გავაცნოთ უცხოელებს და შევუწყოთ ხელი ქვეყნის პოპულარიზაციას“, - ამბობს მეღვინე.

გარდა ამისა, გიორგობიანის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ წელს სტუმრები არ ჰყავდათ და შესაბამისად, ღვინის რეალიზაციაც ვერ მოხდა, მართავენ მოლაპარაკებებს ღვინის მაღაზიებთან, სადაც მიმდინარე წლის მოსავალი გაიყიდება.
გიორგობიანი ექსპორტზეც საუბრობს.

„თავიდან ეგ გათვლა გვქონდა, რომ საზღვარგარეთ გაგვეტანა. ახლა გვქონდა მოლაპარაკებები ამერიკელებთან და ვაპირებთ ღვინო ამერიკაში გავიტანოთ. უბრალოდ პანდემიის გამო შეფერხდა მოლაპარაკებები და როგორც კი სიტუაცია დალაგდება, საზღვარგარეთ გატანასაც მოვახერხებთ“, - განმარტავს მეღვინე.

აღსანიშნავია, რომ გიორგობიანების საოჯახო ბიზნესზე National Geographic-ში სტატიაც გამოქვეყნდა.

ნინო გიორგობიანი USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), Buzz Georgia/ბაზ საქართველოს მიერ ჩატარებული ტრენინგების ერთ-ერთი პირველი მონაწილეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა