მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ტექნოლოგიები იქნება ჩვენი ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უახლოეს წლებში - თურნავა

6194bc0437134
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.21 13:00
812
„ამერიკელი ექსპერტები და ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის შექმნისთვის ბევრი რამ გაკეთდა“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში 50 მლნ დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ინვესტიციებს ქართულ სტარტაპებში ჩადებს.

“ფონდი შექმნილია ცნობილი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მონაწილეობით, ფონდის მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი კი 20 წლის განმავლობაში სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სილიკონ ველიზე და მისი მხარდაჭერით არაერთი სტარტაპი წარმატებულ კომპანიად გარდაიქმნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯონათან თაუერი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინვესტიციო კომიტეტის წევრი იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.

ამ სამი წლის განმავლობაში ამერიკელი ექსპერტები და ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა შექმნილიყო და ჩვენი სტარტაპები გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. ასე რომ, ჩვენ მოვედით დღევანდელ ლოგიკურ შედეგამდე - იქმნება 50-მილიონიანი საინვესტიციო ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოდგენილი იქნება, როგორც მინორიტარი პარტნიორი. ეს არ არის დაკავშირებული დიდ ინვესტიციასთნ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ამ ახალ ინიციატივაში წარმოდგენილი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ქართული სტარტაპების დაფინანსების ინიციატივაში ქართული კომპანიების მხრიდან მონაწილეობის შესახებ იმედი გამოთქვა და აღნიშნა: „ინოვაციების, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის, ახალი ტექნოლოგიების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უახლოეს წლებში და მიხარია, რომ ამერიკელი ინვესტორები ასე აფასებენ ჩვენს მისწრაფებასა და წარმატებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.

ცნობისთვის: „კატაპულტი“ ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება 100+ კომპანიაში განახორციელეს. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია.