მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი დადგენილება უსაფრთხოების პრობლემას ვერ აღმოფხვრის" - ენერგეტიკოსის მოსაზრება

5dae134e9e971
BM.GE
22.10.19 00:14
771
„ახალი დადგენილება უსაფრთხოების პრობლემას ვერ აღმოფხვრის“ - ასე აფასებს ენერგეტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეგულაციებს.

საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი.

ენერგეტიკოსის შეფასებით, პრობლემა ძალიან ღრმაა და მისი გამოსწორება სტიქიური მიდგომით არ შეიძლება.

“რამდენადაც ვიცი, კანონპროექტში გაწერილია, რომ შემოწმების შემთხვევაში მოქალაქე ვალდებულია, გადაიხადოს საფასური, ეს ცალსახად უარყოფითად აისახება საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ევროპული ქვეყნების მაგალითზე, კომპანიაა ვალდებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები თავად ჩაატაროს, ჩვენთან კი, ეს ძალიან ამორფული და სტიქიური გახდა და ყველაფერს მოსახლეობაზე ვტეხთ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს უნდა იყოს, როგორც მთავრობის, კომპანიის , ასვე - მოქალაქის, თუმცა მოქალაქე არაა ვალდებული, ყველაფერი იცოდეს უსაფრთხოების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია წინასწარ და შევადგინოთ ინდივიდუალური ხელშეკრულება მათთან, ესაა ცივილური ფორმა”, - განაცხადა ჭაღიაშვილმა.

ენერგეტიკოსის აზრით, პრობლემის მოსაგვარებლად გლობალური მიდგომაა საჭირო.

„ჩემი რეკომენდაციაა, დაიდოს ხელშეკრულება კომპანიასა და მოსახლეობას შორის, რადგან ამ შემთხვევაში მკაფიოდ იქნებოდა ჩამოთვლილი რაზე იღებს ვალდებულებას მოქალაქე და რაზე იღებს პასუხისმგებლობას კომპანია. საყოფაცხოვრებო სექტორში, უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე არასწორად ვავითარებდით ამ მიმართულებას და მისი უკან შემოტრიალება ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს. ჩემი აზრით, აქ უფრო გლობალური მიდგომაა საჭირო და თვითონ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზა უნდა აირჩიოს ენერგეტიკულად”, - აღნიშნა bm.ge-ისთან საუბარში ჭაღიაშვილმა.