მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი ფრენების დაწყებაზე განაცხადები ყოველკვირეულად შემოგვდის“ - მინისტრი

60a2373df2ea9
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 13:44
574
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებისა და ძველი მიმართულებების განახლების სურვილი ყოველკვირეულად იზრდება.

მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა აეროპორტის დატვირთულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის გააქტიურება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ყოველკვირეულად შემოგვდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან ადრეარსებული ფრენების აღდგენაზე. კარგად დაიტვირთა ახალგარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ასევე  ძველი სტრატეგიული ავიკომპანიები იწყებენ ფრენებს. ქუთაისის განახლებული აეროპორტი სულ მალე სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა კომპანიიდან; თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც მოიმატა ფრენებმა. შემოდიან ტურისტების ორგანიზებული ჯგუფები, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, - თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ჩართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემო მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ტურიზმის სექტორი ვაქცინაციის პრიორიტეტულ ნუსხაში შევიყვანეთ. დღეისთვის ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში 2 000-მდე მოთხოვნაა რეგისტრირებული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადავეცით და ამ კვირიდან ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება. მნიშვნელოვანია, მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა. როდესაც ტურისტი შემოდის, კითხულობს - რამდენადაა დაცული წესები იმ ობიექტებში, ვინც მათ მასპინძლობს და ის ფაქტი, რომ მას ვაქცინირებული გიდი, სასტუმროს და რესტორნის პერსონალი დახვდება, ეს ჩვენი ტურისტული ბაზრის მიმზიდველობას ერთი ათად ზრდის“, - განაცხადა მინისტრმა.