მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ინვესტორების ძიება დღეს კი არა, გუშინ და გუშინწინ უნდა დაგვეწყო - ქეთი ბოჭორიშვილი

61b49f84e9a69
თელარა გელანტია
11.12.21 16:50
1264
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად FDI-ს შარშანდელი, ისტორიულად დაბალი მაჩვენებლისა, მცირედი გაუმჯობესებაც მნიშვნელოვანია.

საქმე ის არის, რომ საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $728.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. თუმცა, FDI-ს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ "რეინვესტიციებზე" მოდიოდა. შესაბამისად, წელს რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა.

“შეიძლება, საბოლოოო ჯამში, ეს არაა ის შედეგი, რომელიც გვინდა მივიღოთ, მაგრამ ზრდის ტენდენცია მაინც კარგია და მცირე ზრდით უნდა დავიწყოთ, რომ რაღაც შედეგამდე მივიდეთ.

რაც შეეხება ჯამურ ზრდაში რეინვესტიციის დიდ წვლილს, ძალიან კარგია, რომ არსებული ინვესტორები აგრძელებენ ქვეყანაში ინვესტირებას; მათ უნდა ჰქოდნეთ იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება მოგებიანია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ წინა წლებში საერთოდ არ ხდებოდა ინვესტორებზე ზრუნვა”, - თქვა bm.ge-სთან ქეთი ბოჭორიშვილმა და იქვე დასძინა, რომ სწრაფი ეფექტისთვის ქვეყანაში უკვე შემოსულ ინვესტორებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ახალი ინვესტორების მოსაზიდად დღეს დაწყებული მუშაობა 2-3 წლის შემდეგ მოგვცემს შედეგს, ამიტომ ე.წ. “სწრაფ მოგებას” იძლევა არსებულ ინვეტსორებთან მუშაობა, რადგან ისინი შედარებით სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას და ეს მალე აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და FDI-ს სტატისტიკაში.

რაც შეეხება ახალი ინვესტორების ძიებას, ჩვენ დღეს კი არა, გუშინ და გუშინწინ უნდა დაგვეწყო მათ ძიებაზე მუშაობა. დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს მუდმივი პროცესი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა პოლიტიკური სიტუაციაა - არჩევნებია თუ პანდემიაა, მუდიმვად არის საჭირო ინვესტორებთან მუშაობა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა შეჩერდეს ან შემცირდეს.

აქვე დავამატებ, რომ ძალიან ბევრი პროექტია შეჩერებული ბიუროკრატიული თუ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ გვინდა, რაღაც შედეგები მალე გვქონდეს და ეს აისახოს შემდეგი კვარტლის თუ წლის სტატისტიკაში, მნიშვნელოვანია, ამ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და ინვესტორებთან, როგორც არსებულთან, ისე ახლებთან ეფექტიანი მუშაობა. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როცა 3 თვეზე მეტხანს იწელება, მერე ინვესტორსაც ეკარგება სურვილი, საქართველოში საქმიანობა განახორციელოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი შეიძლება დავიდეს სისწრაფესა და პოლიტიკურ ნებაზე.

მაგალითად, ენერგეტიკის სექტორს თუ გადავხედავთ, სხვადასხვა მიზეზის გამო 80-მდე პროექტია შეჩერებული და თუნდაც მათი პრიორიტეტად დასახვა ამ პროექტების გამოცოცხლება, დიდ შედეგს მოგვცემს შემდეგ კვარტალში. ვფიქრობ, ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას იმის პოტენციალი, რომ ჰყავდეს უფრო მეტი ინვესტორი”, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ინვესტორების მოძიებისთვის პანდემიამ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა.

“პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ კომუნიკცია შესაძლებელია შედგეს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ონლაინ პლატფორმითაც. ასე ძალიან დიდ ენერგიას და რესურსს ზოგავ და შეგიძლია უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტ პოტენციურ ინვესტორს შეხვდე”, - დასძინა მან.