მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კანონპროექტი ნებაყოფლობითი საპენსიო დანაზოგების შექმნის წახალისებას ისახავს მიზნად

6139f87e936ed
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.21 15:42
961
საქართველოს 1 მილიონზე მეტი მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაშია ჩართული, რის შედეგადაც მათი ხელფასის 6% მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ საპენსიო სააგენტოში ირიცხება. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ამ სისტემაში დაგროვილ პენსიებს “მეორე სვეტის” პენსიები ეწოდება, რადგან “პირველი სვეტის” პენსიები ქვეყანაში დღეს მოქმედი ასაკობრივი პენსიაა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებულია “მესამე სვეტის” პენსიებიც, რაც მოქალაქეთა ნებაყოფლობით საპენსიო დანაზოგებს და უშუალოდ დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ საპენსიო ბენეფიტებს გულისხმობს.

დღეს საქართველოში “მესამე სვეტის” პენსიების გავრცელება ძალიან დაბალია. სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 0.5%-ზე ნაკლები (15,789 ადამიანი) არის ჩართული ამ საფეხურის საპენსიო სქემაში. კერძო დაგროვებითი საპენსიო დანაზოგების მართვის ლიცენზია სულ 3 კომპანიას აქვს, მათგან ორი სადაზღვევო კომპანიაა (“ალდაგი” და “ჯი პი აი ჰოლდინგი”), ლიცენზიის მესამე მფლობელი კი სახელმწიფო კომპანია “საქაერონავიგაციაა”, რომელიც უშუალოდ თავისი თანამშრომლების საპენსიო დანაზოგებს მართავს.

“მესამე სვეტის” პენსიის ბენეფიციარები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ როგორც სახელმწიფო საბაზისო პენსიას, ასევე სახელმწიფო დაგროვებით პენსიას და “მესამე სვეტის”, ანუ კერძო-დაგროვებით პენსიას.

პარლამენტის დღის წესრიგიდან ირკვევა, რომ მთავრობა კერძო-დაგროვებითი საპენსიო სისტემის მხარდაჭერის მიზნით, ახალი მარეგულირებელი ნორმების მიღებას გეგმავს, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია.

მთავრობის მიერ წარდგენილი განმარტებითი ინფორმაციის მიხედვით, კერძო-დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმირების ვალდებულება საქართველომ EU-სთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც აიღო. მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ კანონის მეშვეობით ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი განვითარდება.

“2018 წელს მიღებულმა კანონმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა შექმნა, თუმცა ღირსეული პენსიის უზრუნველსაყოფად და მოსახლეობისათვის საპენსიო სქემაში მონაწილეობის უფრო მეტი მოქნილობისთვის აუცილებელია გაიმართოს „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონიც. ეს უკანასკნელი (მსოფლიო ბანკის მიერ ე.წ. მესამე სვეტის კატეგორიის საპენსიო სქემა) ხელს შეუწყობს კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებას სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად. ახალი კანონით მოხდება არსებული კანონის გაუქმება.

ეს კანონი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებით უფრო დაახლოებს ასეთი სქემების რეგულირების მექანიზმებს ევროკავშირის სტანდარტებთან და გახდის მათ კიდევ უფრო მეტად დაცულს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ტიპის სქემებში ჩართულობა უმეტეს ქვეყანაში დაბალია, ის თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნან (სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე) კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი.

აღსანიშნავია, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიისა და ამ კანონის ამოქმედებით, კიდევ უფრო განვითარდება აქტივების მმართველების ინდუსტრია, რადგან სამართლებრივად თანაბარ პირობებში, მესამე პილარის სქემების კონკურენტული შეთავაზებები დაეყრდნობა აქტივების მმართველების განსაკუთრებულ შედეგებსა და უნარებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

უცნობია თუ რამდენ ადამიანს გადააწყვეტინებს ახალი კანონი მესამე სვეტის საპენსიო სისტემაში ჩართვას და გადააჭარბებს თუ არა ამ სისტემაში მონაწილეთა რაოდენობა მოსახლეობის 1%-ს.