01.ივლისი .2020 12:16

ახალი კანონპროექტით, აუდიტის სამსახურს ტელევიზიების და მედიის რეგულირება ევალება

ახალი კანონპროექტით, აუდიტის სამსახურს ტელევიზიების და მედიის რეგულირება ევალება
views 667
უკან

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების რეგულირება და მათთვის საჯარიმო ქვითრების გამოწერა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალება. 

საუბარია საარჩევნო კოდექსის მუხლებზე, რომლითაც აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. კერძოდ:

- ცვლილებები ადგენს მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
- ამასთანავე, მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

საარჩევნო კოდექსის პროექტის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

ამ ცვლილებას ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომლის შეფასებითაც მედიის ზედამხედველობა მათ მანდატს სცილდება. ამასთან ერთად აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მედიას კომუნიკაციების კომისიის სახით ისედაც ჰყავს მარეგულირებელი. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოზიცია ახალ კანონპროექტზე:

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების მართვას. ჩვენი მანდატია საჯარო მმართველობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, აქედან გამომდინარე მედიის, მათ შორის, არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საშუალებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშგების დავალდებულება გაუმართლებელია. ამავე მიზეზით, არამართებულია მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირების ფუნქციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მინიჭება. ამასთანავე, მედიის საქმიანობის რეგულირების და კონტროლის მანდატის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მინიჭება მიზანშეუწონელია იმ თვალსაზრისითაც, რომ უკვე არსებობს სფეროს მარეგულირებელი და მაკონტროლებელი - საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახით. ამდენად, მედიაში გასული პოლიტიკური საარჩევნო რეკლამის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის უკეთ რეგულირების გზით," - ამბობენ აუდიტის სამსახურში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან - არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა