20.ივნისი .2022 14:55

ახალი კანონპროექტით, მთავრობას “საინვესტიციო ფონდებში” წილის ფლობა შეეძლება

ახალი კანონპროექტით, მთავრობას “საინვესტიციო ფონდებში” წილის ფლობა შეეძლება
views 501
უკან

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ქართული ოცნების წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფოს აძლევს უფლებას ფლობდეს წილს “საინვესტიციო ფონდებში.”

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეს საკითხი დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ აქამდე, სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდებში წილის ფლობა აკრძალული ჰქონდა და ამ უფლების მიღებისკენ მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კანონის მიზანს ამ შემთხვევაში ვენჩურულ ფონდებში სახელმწიფოსთვის მონაწილეობის მიცემის უფლება წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა სახსრები შესაძლოა სტარტაპების დასაფინანსებლად შექმნილ ფონდში ჩაიდოს ან ამ ფონდმა აიღოს სესხი და სახელმწიფო, რომელიც ფონდის მეწილეა, ირიბად ამ კრედიტის გარანტორი იყოს.

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2008 წელს განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ბლანკეტურად უკრძალავს სახელმწიფოს ფინანსურ ინსტიტუტებში (მათ შორის საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას) ეს კი ამ ბაზრის განვითარებას აფერხებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა, გაკეთდა მაშინ, როდესაც ბაზარზე საინვესტიციო ფონდები არ არსებობდა. ამის გარდა აღნიშნული ცვლილებით არ მოხდება ბლანკეტური შეზღუდვის გაუქმება, არამედ მხოლოდ საინვესტიციო ფონდებში პასიური მონაწილეობის დაშვება, ანუ სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება მხოლოდ გარკვეული კაპიტალის მონაწილეობით და არა მისი მართვით. შედეგად, კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს ინვესტირება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულსაინვესტიციო ფონდებში, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებას, ეს კი თავის მხრივ დაეხმარება მეწარმეებს განვითარებაში დამატებითი სახსრების მოზიდვის კუთხით, ხოლო ინვესტორებს ალტერნატიულ აქტივებში და დივერსიფიცირებულად დაბანდებაში.

საინვესტიციო ფონდების მართვა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე მწირია, შესაბამისად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან, რომ მოხდეს ამ ბაზრის სტიმულირება და საინვესტიციო ფონდის მართვისათვის საჭირო ცოდნისა და კაპიტალის მიღება. მოლაპარაკებებიდან გამომდინარე და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ამგვარი ფონდების დაფუძნებისას იღებს მცირე და პასიურ წილობრივ მონაწილეობას, აგრეთვე ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტორებს საწყისი ხარჯების დაფარვით ან საგარანტიო მექანიზმების შეთავაზებით. სახელმწიფო ამგვარი მონაწილეობის პირობებში ცალსახად შეზღუდულია საინვესტიციო ფონდის მართვასთან დაკავშირებული უფლებებით, ანუ სახელმწიფო შემოდის ასეთი ტიპის ფონდებში როგორც პასიური ინვესტორი (limited partner-ი). სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკა ასევე ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში, ვინაიდან სახელმწიფოს ამ სახით მონაწილეობა საინვესტიციო ფონდში წარმოადგენს საინვესტიციო რისკების შემცირების ერთგვარ მექანიზმს. საინვესტიციო ფონდების განვითარებისათვის ასეთი პრაქტიკის დანერგვა საკმაოდ წარმატებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში. აგრეთვე საინტერესო მაგალითს წარმოადგენს bpifrance, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტს.

აღნიშნული საჭიროება აგრეთვე იკვეთება იმ გარემოებით, რომ გასული წლების მანძილზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აწარმოე საქართველოს მიერ დაფინანსებული და წარმატებული კომპანიები, მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭიროებენ დამატებით კაპიტალსა და მხარდაჭერას. ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობენ. გარდა ამ თანხვედრისა, აღნიშნული პირდაპირ უწყობს ხელს არასაბანკო საფინანსო სექტორის განვითარებას, კაპიტალის ბაზრისა და საინვესტიციო ფონდების განვითარებას. ხოლო მაკრო ჭრილში საქართველოს ეკონომიკას ხდის უფრო მდგრადს და ნაკლებად დამოკიდებულს სისტემურ ბანკებზე. ამ ეტაპისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს საფინანსო სექტორის ამ მიმართულების განვითარებისათვის მოლაპარაკებები ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან როგორებიც არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) და მათთან ერთად ამ მიმართულების განვითარებისათვის რიგი ღონისძიებები იგეგმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ დროულად მოხდეს ბაზრის განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებები, აუცილებელია კანონპროექტის კანონად მიღება,” - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა