მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი მოთხოვნა უნდა გაჩნდეს ბაზარზე" - მთავრობა მსესხებლებს იპოთეკას დაუფინანსებს

5ec67531eddf9
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.20 17:00
2840
საქართველოში ლარის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების შემდეგ განცხადება საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემაც გააკეთა. ძნელაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მოქალაქეები ლარის იპოთეკური სესხების აღებისას სპეციალური სუბსიდიით ისარგებლებენ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ეს სტიმულირების მასშტაბი უნდა იყოს ისეთი, რომ მან მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე არ გეგმავდნენ იპოთეკური სესხის აღებას, ამ პროგრამის შედეგად, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესდებიან.

“უძრავი ქონების სტიმულირების გეგმა არის წარმოდგენილი, ოღონდ, ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია არის და არ ვიცით ზუსტად, რა მიმართულებით იქნება ნაბიჯი გადადგმული. იქნება თუ არა ახალი იპოთეკური სესხების, ლარის სესხების პროცენტის სუბსიდირება, ეს ცალსახად ჯერ ცნობილი არ არის და რა წილით იქნება სუბსიდირებული. სუბსიდირების საკითხი არის განხილვის ერთ-ერთი საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ მიუხედავად იმისა, რომ რესურსი იქნება მიწოდებული საბანკო სექტორისთვის, ცალსახად ეს რესურსი არის ვალდებულება და რეფინანსირების განაკვეთი გვაქვს ძალიან მაღალი, ამიტომ სტიმულირება მოხდება ლარში იპოთეკური სესხების გაცემაზე და პროცენტის მნიშვნელოვნად შემცირებაზე. ასევ სხვა მიმართულებითაც არის აქ სტიმულირებაზე საუბარი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ უკვე გვეცოდინება კონკრეტული სქემა. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რათა უძრავი ქონების ბაზარზე მინიმიზირება მოხდეს ფასების მერყეობის. ეს როგორც ბანკებისთვის, ასევე ეკონომიკისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეს სტიმულირება არის იმ ადამიანებისთვის ვინც ისედაც არ აპირდებდა იპოთეკის აღებას, ანუ იმდენად კარგი სტიმული იქნება, პროექტის შინაარსიდან გამომდინარე იმდენად მაღალ სტიმულირებაზე არის საუბარი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტოს უძრავი ქონების შეძენა. აქ არ არის საუბარი, რომ დასტიმულირდნენ ის ადამიანები ვინც ისედაც აიღებდნენ სესხს. აქ არის საუბარი, რომ ახალი მოთხოვნა გაჩნდეს ბაზარზე.- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

დღეს, BMG-ის კითხვაზე პასუხისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამ პროგრამის წარდგენა ხვალ მოხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მდგომარეობით ქვეყანაში იპოთეკური სესხების პორტფელის მოცულობა 10,283,201,000 ლარს შეადგენს და ის სამომხმარებლო სესხების ჯამური მოცულობის 71%-ს შეადგენს.