მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი პლატფორმა ტურიზმში - "ქართ-ველის" კონცეფცია და გეგმები

5e2ad5ace8a91
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.20 18:25
2310
1 წელია, რაც ტურიზმის მიმართულებით ახალი პლატფორმა "ქართ-ველი" ამოქმედდა, რომელშიც 50 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამის შესახებ BM.GE-ს "ქართ-ველის" თანადამფუძნებელმა და კომერციულმა დირექტორმა კახი ლობჟანიძემ განუცხადა.

როგორც "ქართ-ველის" კომერციული დირექტორი განმარტავს, მეგობრებმა ტურიზმის მიმართულებით მოძებნეს ახალი ნიშა და თავისი რესურსები და ცოდნა გააერთიანეს.

"პირველი ქართული პლატფორმა აერთიანებს სტუმარ–მასპინძლობისა და ქვეყნის ბრენდინგის მიმართულებებს, რომლის მიზანია მოახდინოს ქვეყნის როგორც მნიშვნელოვანი ლოკაციების ბრენდინგი, ასევე მთლიანად ქვეყნის ეროვნული იმიჯის და რეპუტაციის ფორმირება.

"ქართ-ველში" საწყის ეტაპზე, მე და ჩემმა სამმა მეგობარმა, ახლა უკვე პარტნიორებმა 50 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. თანხის ნაწილი ბრენდის ფორმირებას და ყველა საჭირო საინფორმაციო რესურსის შექმნას, აგრეთვე, ლოჯისტიკური ნაწილის ორგანიზებას და გამართვას მოხმარდა, ხოლო უდიდესი ნაწილი საკომუნიკაციო არხების შექმნას და გაფართოებას დაეთმო, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივ ფორუმებში მონაწილეობასა და სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებში ვიზიტებს, რომლებიც 2020 წლიდან "ქართ-ველის" სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ", - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2019 წლის განმავლობაში, "ქართ-ველმა" მსოფლიოს 10 ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს უმასპინძლა.

"ქართ-ველმა" მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენებში შემდეგ ქვეყნებში: არაბთა გაერთიანებული საემიროები (ATM დუბაი), ჩინეთი და ესპანეთი. აგრეთვე, სპეციალური ვიზიტი განხორციელდა უკრაინაში, სადაც შევხვდით სტრატეგიულ პარტნიორებს ადგილობრივ ბაზარზე. გასული 1 წლის მანძილზე ჩვენ ვუმასპინძლეთ 4 ჯგუფს და ინდივიდუალურ პირებს შემდეგი ქვეყნებიდან: კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ჩინეთი, ფილიპინები, უკრაინა, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ვიეტნამი", - ასე შეაჯამა პირველი წლის შედეგები "ქართ-ველის" კომერციულმა დირექტორმა.

კახი ლობჟანიძის ინფორმაციით, "ქართ-ველი" ძირითადად მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაზეა ორიენტირებული და ამ მიმართულებით სხვადასხვა ტურისტულ ბაზარს სთავაზობს დასასვენებელ, კორპორატიულ ტურებს, ასევე განათლების ტურიზმისა და ბიზნეს ტურიზმის ხელშემწყობ მომსახურებას.

"ქართ-ველი" მომხმარებელს სთავზობს მაღალი ხარისხის სერვისს სტუმარ–მასპინძლობისა და ღონისძებების მართვის მიმართულებით: განთავსება, კვება, ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, თემატური ტურები, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და მართვა.

2020 წლის სტრატეგიაში, "ქართ-ველისთვის" საინტერესო მიმართულებებია: გალფის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. განსაკუთრებული აქცენტი 2020 წლიდან გაკეთდება აზიის მიმართულებით, რამდენადაც, შორი მიმართულებები მიგვაჩნია ტურიზმის ბიზნესის განვითარებისთვის მნიშნელოვან მიმართულებად, თუმცა ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არაბული ბაზრები, საიდანაც დაინტერესება განსაკუთრებით მზარდი გახდა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ევროპულ ბაზრებზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა) საქართველოს, როგორც ბრენდის პოზიციონირების ნაწილში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი, ამიტომ ჩვენი, როგორც ბრენდის ერთ-ერთი მიზანი 2020 წლიდან, არის ნაკლებად ათვისებულ ტურისტულ ბაზრებზე დამკვიდრება. ვფიქრობთ, რომ აზია არის აუთვისებელი ბაზარი ამ მიმართულებით, სადაც ჩვენ ქართული კულტურით შეიარაღებულები გავილაშქრებთ", - უთხრა BM.GE-ს კახი ლობჟანიძემ.