მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ქართული ავიაკომპანია AIR IVERIA ოპერირებას 2024 წლიდან დაიწყებს - ინვესტიცია €20 მლნ-ია

642bd6c06d466
ნინი ლონგურაშვილი
04.04.23 12:30
1512

საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია, Air Iveria ოპერირებას 2024 წლიდან დაიწყებს. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანიასთან კომერციული ხასიათის თანამშრომლობის სურვილი გლობალურმა კომპანია, Airbus-მა გამოთქვა, რომელთან ერთად სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდება, რაც საოპერაციო მოდელსაც მოიცავს.

რაც შეეხება ფრენებს, BMG-ისთან ავიაკომპანია Air Iveria-ს თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მომხმარებლებს დედაქალაქიდან, დღის უფრო ოპტიმალურ საათებში შესთავაზებს რეისებს. თუმცა კონკრეტულ მიმართულებებს ჯერ არ ასახელებს.

ირაკლი გიორგობიანის თქმით, ავიაკომპანია 3 ან 4 თვითმფრინავით დაიწყებს ოპერირებას, რისთვისაც საწყის ეტაპზე €20 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

“დღეს ქართულ ავიაბაზარზე ახალი ეროვნული ავიაკომპანიის არსებობის საჭიროება დგას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, განვითარებულ სამყაროს ქართველებმა ვაჩვენოთ, რომ ამ ბიზნესის კეთებაც შეგვიძლია. ეს იქნება ეროვნული, ნაციონალური ავიახაზები. ამ ეტაპზე, “Airbus Consalting”-თან ერთად ვამუშავებთ სტრატეგიული განვითარების გეგმას, რაც მიმართულებებსაც მოიცავს, თუ რა ბაზრებზე ვაპირებთ ოპერირებას. ამის შემდეგ გამოჩნდება საბოლოო კონტურები კაპიტალის მოთხოვნისა, სავარაუდოა, რომ ეს მინიმუმ 20 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია იქნება. გამორჩეულები ვიქნები კაპიტალის სტრუქტურიდან გამომდინარეც. კონკრეტულ ქვეყნებს ვერ დავასახელებთ, თუმცა აზია და ევროპის ქვეყნები იქნება პრიორიტეტი. ჩვენი პროექტი, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი ნაწილისგან შედგება, ამიტომ სხვადასხვა ბაზრებზე ვაპირებთ გასვლას", - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

BMG-ის კითხვაზე, თუ რა ფასით შემოდიან ქართულ ავიაბაზარზე, ირაკლი გიორგობიანი აღნიშნავს, რომ ფრენები არ იქნება ბიუჯეტური, თუმცა ლოიალური მომხმარებლები შეძლებენ საკმაოდ დაბალ ფასად ფრენას.

“ჩვენ განსხვავებული ვიქნებით, მომსახურების ხარისხით და პროდუქტით, შესაბამისად ფასი ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენი მომხმარებლები არამარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელი ვიზიტორებიც იქნებიან. ჩვენი პროდუქტი თავსებადი იქნება, ერთი მხრივ, ევროპელი მომხმარებლებისთვის და მათ შორის, ცხადია, ქართველებისთვის. რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს, ჩვენ გვინდა ავითვისოთ დღის პერიოდი, რათა კომფორტულად ვიფრინოთ და ნაკლები დრო დავხარჯოთ ტრანზიტზე", - ამბობს AIR IVERIA-ს თანადამფუძნებელი.

Air Iveria-ს დამფუძნებლის ინფორმაციით, დაგეგმილია ტრანზიტული პოტენციალის სრულად ათვისებაც.