მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა

63c3bb7d9b5b1
BM.GE
15.01.23 12:36
609
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროებში მიმდინარე „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის“ ფარგლებში, კომპანია Masdar-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნული კომპანია განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერია და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს.

"შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და „Masdar“- ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ საპროექტო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ-ი იქნება. მისი მშენებლობა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც პროექტის მშენებლობის, ასევე ოპერირების დროს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელობით, „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში“ მონაწილეობს. კვირეულის ძირითადი საკითხებია გლობალური თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მისაღწევად, ტექნოლოგია, ინოვაცია და ეკონომიკური განვითარება. კვირეულს ესწრება 4000 მდე დელეგატი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ - მინისტრები და პრეზიდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სამგორში აშენდება. სადგურის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება ენერგეტიკის განვითარების ფონდს დაევალა. აშენების შემთხვევაში ის საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური იქნება.

Masdar-თან შეთანხმება 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა.

რას წარმოადგენს Masdar?

კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს, მათ შორის საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ა.შ.

Masdar არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე განახლებადი ენერგიის პროექტებს ახორციელებს. რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ცვლილებით, ჯამში Masdar-ს სამი მფლობელი ჰყავს: სახელმწიფო ნავთობის კომპანია; TAQA [აბუდაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია] და ეროვნული ენერგეტიკული კომპანია. 2006 წელს დაფუძნებული კომპანიის მიზანია ენერგეტიკის გლობალურ ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების როლი გაზარდოს.

როგორც Reuters წერს, კომპანიას ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 20 მილიარდი დოლარის მოცულობის პროექტებში აქვს ინვესტიცია განხორციელებული. კომპანია ინვესტიციებს განახლებად ენერგიებში, ძირითადად კი მზისა და ქარის სადგურებში დებს. წინა კვირაში კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მწვანე წყალბადის პროექტზე გერმანულ Uniper-თან იწყეებს თანამშრომლობას. Bloomberg-ის ინფორმაციით, თანამშრომლობა 1.3 გიგავატი სიმძლავრის მზის სადგურის მშენებლობას გულისხმობს.