მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სტარტაპი Kinderbubu - "ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა წიგნში აღწერილი თავგადასავლის ერთ-ერთი გმირი გახდეს“

614ec1f3a9fba
მარიამ იზორია
25.09.21 19:00
805
Kinderbubu - ასე ჰქვია ინოვაციურ პროექტს, რომელიც პატარებს შესაძლებლობას აძლევს, ზღაპრის გმირებთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ. Kinderbubu-ს ვებგვერდის დახმარებით, პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბავშვის სასურველი ფოტო აირჩიოს, რომელიც წიგნში ავტომატურად განთავსდება, რის შემდეგაც ბავშვს საშუალება ექნება, საკუთარი თავი წიგნის გვერდებზე იხილოს.

"Kinderbubu-ს საიტის დახმარებით, შესაძლებელია პერსონალური წიგნის დამზადება, რომელიც ბავშვს საშუალებას აძლევს წიგნში აღწერილი თავგადასავლის ერთ-ერთი გმირი თავად გახდეს“, - ამბობს bm.ge-თან Kinderbubu-ს დამფუძნებელი ბესო შენგელია, რომლის თქმით, ამ ეტაპისთვის პლატფორმა რვა თავგადასავალს აერთიანებს და მათგან ექვსის შეძენა ქართულ და ინგლისურ ენებზე kinderbubu.com-ზეა შესაძლებელი.

„თითოეული ამბავი 18 ენაზეა ნათარგმნი და ვებგვერდზე მათი დამატება ეტაპობრივად მოხდება. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ქართული წიგნი - 67 ლარი, ხოლო სხვა ენებზე ნათარგმნი თავგადასავლები $40 ღირს. საინტერესოა ისიც, რომ კომპანია ქართველ ემიგრანტებთან თანამშრომლობასაც იწყებს. ისინი Kinderbubu-ს ელჩები იქნებიან, რომლებიც წიგნს ქვეყნებში პოპულარიზაციას გაუწევენ, მათი მრავალჯერადი ვაუჩერებით კი დაინტერესებულ ადამიანებს წიგნს ფასდაკლებით, დაახლოებით, $18-ად შესთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ სტარტაპი გლობალური ხასიათისაა და მის შექმნაში მონაწილეობას უცხოელი სპეციალისტებიც იღებენ“, - ამბობს ბესო შენგელია.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესპროცესი სრულად საქართველოში მიმდინარეობს. სტარტაპი ცხრა ადამიანს ასაქმებს.

რაც შეეხება ამჟამინდელ შედეგებს, ბესო შენგელიას თქმით, რამდენიმე თვეში საქართველოში უკვე Kinderbubu-ს 45 თავგადასავალი გაიყიდა, უფრო მეტი კი - უცხოეთში.

„kinderbubu არის მეთოდი, რომელიც ბავშვს მცირე ასაკიდანვე წიგნის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უქმნის, პერსონიფიცირებით ბავშვს შეგრძნებას ვუჩენთ, რომ წიგნი მასზეა. მთავარ ქართველ გმირ - ბუბუს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მას საქართველოს მესიჯს ვატანთ. ის წიგნში ბავშვს უმეგობრდება და პირველივე გვერდზე ქვეყნის გამთლიანებულ ტურისტულ რუკასთან ერთად საქართველოში სტუმრობას სთხოვს. მოგეხსენებათ, როდესაც ოჯახი სამოგზაუროდ მიდის, ბავშვის არჩევანი მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ბავშვს ქართველი ბუბუს მიმართ პოზიტიური განცდა გავუჩინეთ, მას დადებითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართაც ექნება. საბოლოოდ, თითოეული უცხოეთში გასული წიგნი, ქმნის შესაძლებლობას იმისას, რომ ოჯახი სამოგზაურო მიმართულებად საქართველოს აირჩევს“, - ამბობს ბესო შენგელია.