მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი ტარიფი მის თვითღირებულებაზე დაბალია" - გულის რიტმის ასოციაციის 3 თხოვნა პრემიერს

5ddf87685de30
შოთა ტყეშელაშვილი
28.11.19 14:50
1432
საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია ღია წერილით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს. ასოციაციის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში მთავრობის #520-ე დადგენილებით შესული ცვლილებებით დადგენილი ტარიფები არის იმდენად დაბალი, რომ ის სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო აღჭურვილობის ღირებულებასაც ვერ ფარავს. ასოციაცია მთავრობის მეთაურს ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდებს.

გულის რიტმის ასოციაციაციის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

"ბატონო პრემიერ-მინისტრო,

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების ამოქმედების შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პირადად მოგმართავთ "ღია წერილით", რათა წარმოვაჩინოთ ჩვენს დარგში არსებული პრობლემები. გთხოვთ უშუალო კონტროლის ქვეშ აიყვანოთ მათი მოგვარება, რაც საშუალებას მოგვცემს, კვლავაც ეფექტურად და ხარისხიანად ვუმკურნალოთ პაციენტებს გულის რიტმის რთული დარღვევებით.

პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ავადობის და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია საქართველოში, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების დღიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ხშორად პირდაპირი მნიშვნელობით გადამრჩენი ჩარევების დაფინანსებაზე (კათეგერული აბლაცია, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის და კარდიო-რესინქრონიზატორის იმპლანტაცია). აღნიშნული ჩარევები დღემდე მხოლოდ ნაწილობრივ უფინანსდებათ 2013 წლამდე არსებული სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებს, ძირითადად საპენსიო ასაკისა და სოციალურად დაუცველ პირებს (#165 და #218 დადგენილებები). ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ეს სერვისები დღემდე ხელმიუწვდომელია. ჩვენი ასოციაციის მიერ სამინისტროსადმი არაერთი მიმართვის მიუხედავად, აღნიშნული პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, რაც საქართველოს მოქალაქეებს უზღუდავს სამედიცინო სერვისებზე თანაბარი წვდომის უფლებას.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველი გადახედვისას გვქონდა იმედი არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლისა, თუმცა ნაცვლად ამისა, #520 დადგენილებით საფრთხე შეექმნა იმ პაციენტებსაც, რომლებიც მანამდე ამ სერვისებით სარგებლობდნენ. ამასთანავე, რისკის ქვეშ დგება არითმოლოგიის, როგორც დარგის არსებობა, მაშინ როცა ეს დარგი საქართველოში იმდენად განვითარებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრულყოფილი სერვისის მიღება შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაში და არ უწევთ საზღვარგარეთ წასვლა. #520 დადგენილებით შემოთავაზებული ტარიფები იმდენად დაბალია, რომ ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სახარჯი მასალის ღირებულება.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით რეგულაციებს, რომლებიც მიმართულია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გთხოვთ:

  1. შეაჩეროთ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილების მოქმედება; 
  2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დარგის ექსპერტების შემადგენლობით შეიქმნას კომისია, რომელიც დაითვლის რეალურ დანახარჯებს და დაადგენს ადეკვატურ ტარიფებს; 
  3. კათეტერული აბლაცია, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის და გულის რესინქრონიზატორის იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ბენეფიციარისთვის და არა მხოლოდ #165 და #218 დადგენილებით მოსარგებლეთათვის. 

ჩვენი ასოციაცია მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული საკითხის განხილვაში", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ახალი ტარიფების განსაზღვრასთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ სამინისტრო მზადაა, გადახედოს ახალ ტარიფებს, თუ კლინიკები მათ შესაბამის არგუმენტებს წარუდგენენ.

"თუ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ, ალტერნატიულ საფუძველს, რომელიც იქნება საკმარისად მყარი, იმისთვის რათა შეიცვალოს საწყისი გათვლა, ამ შემთხვევაში აქ არავის არ აქვს იმის მიზანი, რომ რომელიღაც ობიექტურ მოცემულობას დაუპირისპირდეს. ამ შემთხვევაში, მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ტარიფი შეიცვალოს", - განაცხადა გაბუნიამ.

საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროგრამაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს. მისი ბიუჯეტი მთლიან შსს-ზე მეტია. ამასთან, თითქმის ყოველწლიურად ის გადახარჯვით მიმდინარეობს. წელსაც პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტი მაღალი ალბათობით ვადაზე ადრე ამოიწურება და მისთვის თანხის დამატება იქნება საჭირო. სავარაუდოდ, #520-ე დადგენილების ძირითად მიზეზს, სწორედ სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ოპტიმიზაცია წარმოადგენს.